რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პუტინი მოლაპარაკებებს კიევსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაუარესებისთვის იყენებს

kremlin.ru

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW-ის) ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინის უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელება კიევსა და დასავლელ ლიდერებს შორის ურთიერთობების გასაუარესებლად სურს. 

9 დეკემბერს ყირგიზეთში, ბიშკეკში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, რადგან მოლაპარაკებების პროცესი ჭიანურდება. 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესი იქნება გამოწვევა და მოითხოვს დიდ დროს, რათა ყველა მონაწილე დაეთანხმოს უკრაინაში არსებულ რეალობას და აღიაროს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიები. 

პუტინმა ასევე გააკრიტიკა გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელმაც თქვა, რომ 2014 წლის მინსკის შეთანხმება უკრაინისთვის დროის გამოსყიდვის მცდელობა იყო. პუტინმა დასძინა ისიც, რომ მინსკის შეთანხმების ამ გაგებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რუსეთს უფრო ადრე დაეწყო სამხედრო ოპერაცია. 

ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი მუდმივად ცდილობს მოლაპარაკებების პროცესით მანიპულირებას, რათა უკრაინამ პარტნიორებისგან მხარდაჭერა ვეღარ მიიღოს. ასევე, სავარაუდოა, რომ პუტინი ეცდება ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის ფანჯრის გამოყენებას, რათა რუსეთის ჯარებს ძალების აღდგენისთვის დრო მიეცეთ. თუმცა, ISW წერს, რომ ნაკლებსავარაუდოა საქმე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდეს. 

"რუსეთი და უკრაინა პირობების შეთანხმებისგან უკიდურესად შორს არიან და თითქმის შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დაცვაზე, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, შეაჩეროს უკრაინის ზამთრის კონტრშეტევა". - წერია ანგარიშში.

კომენტარები