2008 წლის აგვისტოს ომი

ჰააგამ აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა – დამნაშავედ ცნო 3 ოსი, 1 რუსი და არცერთი ქართველი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრის შუალედში ჩადენილი ადამიანურობისა და ომის დანაშაულების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. 

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალი არც ერთი ქართველისთვის არ წაუყენებია. პროკურორის, კარიმ ხანის განცხადების მიხედვით, გამოძიების შედეგად სამი ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების ორდერი გაიცა. მათ ბრალი ედებათ ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა, ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობაში, მძევლად აყვანასა და მათ უკანონო გადაადგილებაში. 

"აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ბრალდებულის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი. ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა". – წერია განცხადებაში. 

აღნიშნულ ეჭვმიტანელებთან ერთად, პროკურორის ინფორმაციით, ასევე გამოიკვეთა  რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ვიაჩესლავ ბოროსოვის როლი 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ დანაშაულებში, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის 2021 წელს მოკვდა.

"აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას". – წერია პროკურორის განცხადებაში.

პროკურორის მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, აღარ გაგრძელდება გამოძიება ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხმისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. 

ჰააგის სასამართლოს პროკურორის თქმით, გამოძიების დაწყების დღიდან მოხდა მტკიცებულებების შესწავლა, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ოფისი თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

30 ივნისს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სამი პირის დაკავების ორდერები გასცა.

ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დააკმაყოფილა 2022 წლის 10 მარტის შოამდგომლობითი მიმართვა, გაეცათ ომის დამნაშავეების დაკავების ორდერი.

მაღალჩინოსანი ოსები, რომელთა დაკავების ორდერიც გაიცა, არიან: მიხეილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი. მინძაევი მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის როლს ასრულებდა 2005-2008 წლებში. გუჩმაზოვს 2008 წელს ებარა წინასწარი პატიმრობის დაწესებულება. რაც შეეხევა სანაკოევს, ის იყო ე.წ. პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

24 ივნისს, წინასასამართლო პალატა I-ის მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ პროკურორის 10 მარტის მიმართვას ჰქონდა ლოგიკური საფუძველი, რომ სამივე ეჭვმიტანელს აკისრია პასუხისმგებლობა საომარ დანაშაულებზე. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანი 10 მარტის მიმართვაში ამბობდა, რომ მინძაევს, გუჩმაზოვსა და სანაკოევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ უფლებათა დარღვევის ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა უკანონო პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და ადამიანთა უკანონო გადაყვანა.

ასევე, პროკურორმა 10 მარტს აღნიშნა, რომ გამოძიებამ გამოავლინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, პარაშუტისტების დანაყოფის გენერლის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო დანაშაულებიც, თუმცა ბორისოვი ამჟამად უკვე მკვდარია. როგორც ბორისოვზეა ნათქვამი: "ითვლება, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის აღსრულებაში". 

ჰააგის სასამართლოს მიხედვით, სეპარატისტი ოსები 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ჯარების უკან დახევის შემდეგ, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ძირითადად მოხუცებსა და დაავადებულებს.

ბრალდებულები არიან: 

მიხაილ მაირამის ძე მინძაევი, რუსეთის მოქალაქე, დაბადებული 1955 წლის 28 სექტემბერს ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში; რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი მაღალი თანამდებობის პოლიციელი, 2005 წლიდან, მინიმუმ, 2008 წლის 31 ოქტომბრამდე ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი – ბრალად ედება 2008 წლის 8-27 აგვისტოში ჩადენილი ომის დანაშაულები, კერძოდ, უკანონო დაპატიმრება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.

გამლეტ გუჩმაზოვი, რუსეთისა და სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წლის 9 ივლის, საქართველოში, ცხინვალის რეგიონში; ციხის იზოლატორის უფროსი 2008 წლის ომის დროს – ბრალდებულია 2008 წლის 8-27 აგვისტოს შუალედში ჩადენილ ომის დანაშაულებში, კერძოდ, უკანონო დაკავებაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, პიროვნული ღირსების შელახვაში, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.

დავით გიორგის ძე სანაკოევი, დაბადებული 1976 წლის 14 დეკემბერს საქართველოში, ცხინვალში; ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, იგივე ომბუდსმენი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს – ბრალდებულია ომის დანაშაულებში, კერძოდ, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.

კომენტარები