ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პაპუაშვილი: ენმ-ს დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოვუწოდე

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალური მოძრაობის მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა. პაპუაშვილის თქმით, მან ამ ადამიანებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"მე მათ მოვუწოდე, რომ შიმშილობა შეწყვიტონ [...] შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც ზეწოლა უნდა ხდებოდეს და პირიქით, ამით მიხეილ სააკაშვილის წახალისება ხდება, რომ მან კიდევ უფრო მეტად არ ითანამაშრომლოს ექიმებთან და შეეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტად დაიმძიმოს საკუთარი მდგომარეობა, ვინაიდან, სწორედ ასეთი ქმედებებითა და განცხადებებით ექმნება იმედი და ილუზია, რომ აი, ცოტაც, 1 დღეც, 1 კვირაც და მისი საკითხი გადაწყდება ისე, როგორც თავად უნდა". - ამბობს პაპუაშვილი.

ენმ-ს წევრებმა - ანი წითლიძემ, აბდულ ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა პარლამენტში გუშინ, 15 დეკემბერს დაიწყეს. კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, შიმშილობის მსურველთა რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოს შიგნით და გარეთ, გაიზრდება.

16 დეკემბერს კი პარლამენტში მოშიმშილე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუერთდა.

14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას". პენიტენციური სამსახური წერს, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ნათლად ჩანს სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, "რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა". იუსტიციის მინისტრის ცნობით, კადრევი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ის საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს - მიზეზად კლინიკა ვივამედმა ტექნიკური მოწყობილობების არქონა დაასახელა. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათვაისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

 

კომენტარები