Twitter

ჟურნალისტებს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, TWITTER-ის ანგარიშები დაუბლოკეს

რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, Twitter-ის ანგარიშები დაუბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

დაბლოკილებს შორის მოხვდნენ New York Times, CNN-სა და Washington Post-ის ჟურნალისტები. 

Twitter-ის პრესსპიკერის თქმით, ანგარიშების დაბლოკვის მიზეზი ლაივ რეჟიმში სხვა ადამიანების ადგილმდებარეობისა და მონაცემების გაზიარებაა. 

დაბლოკილი ანგარიშების სიაში ასევე არიან The Intercept-ის ჟურნალისტი მიშა ლი, Mashable-ის მეტ ბაინდერი და დამოუკიდებელი ჟურნალისტები - აარონ რუპარი და ტონი ვესტერი. 

Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ელა ირვინის განმარტებით, დაბლოკვები უკავშირდება ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც პლატფორმაზე სხვა ადამიანის მარშრუტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.

"ანგარიშების დაკონკრეტების გარეშე, შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერს, რომელიც არღვევს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის სხვა მომხმარებლებს. ჩვენ არ დავუშვებთ გამონაკლისს ჟურნალისტებისთვის, ან სხვა ანგარიშებისთვის". - აღნიშნა ირვინმა. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში Twitter-ზე წვდომა შეეზღუდა ჟურნალისტ ჯეკ სუინს, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის მარშრუტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა. 

ამის შემდეგ მასკმა პირობა დადო, რომ როგორც სუინის, ისე მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს. 

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter-ზე კონტროლი ოქტომბერში მოიპოვა, აღადგინა ქეითი გრიფინის, ჯორდან პიტერსონისა და Babylon Bee-ის ანგარიშები. მასკის თქმით, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვის შორის ბალანსის პოვნაა. ასევე, გასულ კვირას, გამოკითხვის ჩატარების შემდეგ მასკმა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშიც აღადგინა.

"Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის, მაგრამ არა გავრცელების თავისუფლება". - წერდა მასკი.

მასკის გეგმების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია:  "ჩიტი გათავისუფლებულია" – როგორ შეცვლის ილონ მასკი TWITTER-ს?

კომენტარები