ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

პოლონეთი და ლიტვა ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტს ბლოკავენ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

პოლონეთი და ლიტვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტს ბლოკავენ, რადგან სურსათის ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე ქვეყანამ სანქციების შემსუბუქება მოითხოვა. ეს კი, ამ ორი ქვეყნის აზრით, სანქცირებული რუს ოლიგარქებს შემოსავლების ზრდის პოტენციურ შესაძლებლობას უჩენს. ამის შესახებ ინფორმაცია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გაავრცელა.

"ვერ მივიღებთ შემოთავაზებას შემზღუდავი ზომების შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ და სარგებლობენ პუტინის რეჟიმით". – თქვა ლანდსბერგისმა.

მისივე ინფორმაციით, პოლონეთი და ლიტვა ამტკიცებენ, რომ სანქციების პაკეტის უახლესი ვარიანტი რუსეთის ომის ბიუჯეტის გაზრდას შეუწყობს ხელს. ლანდსბერგისის თქმით, წევრი ქვეყნები არ უნდა დაემორჩილონ რუსულ ნარატივს, რომ სანქციები გლობალურ სასურსათო კრიზისს ამწვავებს. ამისგან განსხვავებით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ბლოკის მიზანი უნდა იყოს "აგრესორის ქმედებების შეზღუდვა, მაგრამ არა მისი შემსუბუქება".

პოლონეთის პრემიერმინისტრის მატეუშ მორავიეცკის თქმით, მისი ქვეყანა ემხრობა "გამჭვირვალე და მკაცრ სანქციებს", რომელსაც რუსეთის ფინანსური შესაძლებლობების შემცირება შეუძლია. ამასთან, მისივე თქმით, რუსი ლობისტები სანქციების შემსუბუქების მიზნით, ხშირად აქტიურობენ ბრიუსელში. 

"რამდენიმე ქვეყანა გვთავაზობს სანქციების სიიდან ზოგიერთი რუსი ოლიგარქის ამოღებას, მათ შორისაა მოშე კანტორი, რომელიც, როგორც პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებზეა პასუხისმგებელი. ამას ნამდვილად ვეწინააღმდეგებით. უსაფუძვლოა იაფი და უაზრო ცილისწამება იმის შესახებ, რომ პოლონეთი სანქციების შემსუბუქებას ემხრობა. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ პოლონეთი სანქციების გამკაცრების მომხრეა". – თქვა მორავიეცკიმ. 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ის არ ელოდა, რომ ლიდერები სანქციებზე შეთანხმდებოდნენ. ამიტომ აღნიშნული საკითხი განსახილველად ელჩებს დაუბრუნდებათ. 


7 დეკემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტთან დაკავშირებით ისაუბრა

პირველ რიგში, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქცირებულთა სიაში შევა დამატებით 200 პირი და კომპანია, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალები, მისი ოფიცრები და თავდაცვის სფეროს ინდუსტრიული კომპანიები. სანქციები დაუწესდებათ სახელმწიფო დუმისა და ფედერაციული საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე მინისტრებს, გუბერნატორებსა და პოლიტიკურ პარტიებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასევე აპირებენ სანქციები დაუწესონ დამატებით სამ რუსულ ბანკს და ამ ყველაფრის ფარგლებში, სრულად აკრძალონ რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკის ტრანზაქციები.

სანქციების მე-9 პაკეტში საუბარია ორმაგი მოხმარების საქონლის რუსეთში ექსპორტზე კონტროლისა და აკრძალვების გამკაცრებაზეც.

წინა სანქციებისგან განსხვავებით, ახალი პაკეტი, მიღების შემთხვევაში, სამიზნეში ამოიღებს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიასაც. მე-9 პაკეტით სურთ აიკრძალოს დრონების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთსა და ისეთ ქვეყნებში, რომლებიც შესაძლოა მოსკოვს მსგავსი ტექნოლოგიით დაეხმაროს, მაგალითად, როგორიცაა ირანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მათი სამიზნე იქნება რუსული პროპაგანდაც და მაუწყებლობას დამატებით სამ არხს შეუწყვეტენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მე-9 პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის ენერგო და წიაღისეულის სექტორების წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღებასაც, მათ შორის რუსეთში ამ დარგებში ინვესტიციის აკრძალვას.

სანქციების მე-9 პაკეტი, შესაძლოა, უკვე მომდევნო კვირაში მიიღონ, თუმცა, აქამდე, შეიძლება, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

კომენტარები