რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი წარადგინა

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტთან დაკავშირებით ისაუბრა

პირველ რიგში, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქცირებულთა სიაში შევა დამატებით 200 პირი და კომპანია, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალები, მისი ოფიცრები და თავდაცვის სფეროს ინდუსტრიული კომპანიები. სანქციები დაუწესდებათ სახელმწიფო დუმისა და ფედერაციული საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე მინისტრებს, გუბერნატორებსა და პოლიტიკურ პარტიებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ასევე აპირებენ სანქციები დაუწესონ დამატებით სამ რუსულ ბანკს და ამ ყველაფრის ფარგლებში, სრულად აკრძალონ რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკის ტრანზაქციები.

სანქციების მე-9 პაკეტში საუბარია ორმაგი მოხმარების საქონლის რუსეთში ექსპორტზე კონტროლისა და აკრძალვების გამკაცრებაზეც.

წინა სანქციებისგან განსხვავებით, ახალი პაკეტი, მიღების შემთხვევაში, სამიზნეში ამოიღებს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიასაც. მე-9 პაკეტით სურთ აიკრძალოს დრონების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთსა და ისეთ ქვეყნებში, რომლებიც შესაძლოა მოსკოვს მსგავსი ტექნოლოგიით დაეხმაროს, მაგალითად, როგორიცაა ირანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მათი სამიზნე იქნება რუსული პროპაგანდაც და მაუწყებლობას დამატებით სამ არხს შეუწყვეტენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მე-9 პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის ენერგო და წიაღისეულის სექტორების წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღებასაც, მათ შორის რუსეთში ამ დარგებში ინვესტიციის აკრძალვას.

სანქციების მე-9 პაკეტი შესაძლოა უკვე მომდევნო კვირაში მიიღონ, თუმცა, აქამდე, შეიძლება, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

კომენტარები