ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ნაწილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობას იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. როგორც პარტიის წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ შიმშილობის მსურველთა რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოს შიგნით და გარეთ, გაიზრდება. 

"დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც".- ამბობს კირკიტაძე. 

ენმ-ის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ, ექსპრეზიდენტს ბოდიში მოუხადა, რადგან მისი თქმით, სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე მიიღეს შიმშილობის გადაწყვეტილება. 

"მე არ შემიძლია ვუყურო, პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის და ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ გადავარჩინო მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე".- ამბობს წითლიძე. 

პარლამენტში შიმშილობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, აბდულ ისმაილოვმა დაიწყო. 


14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას". პენიტენციური სამსახური წერს, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ნათლად ჩანს სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, "რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა". იუსტიციის მინისტრის ცნობით, კადრევი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ის საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს - მიზეზად კლინიკა ვივამედმა ტექნიკური მოწყობილობების არქონა დაასახელა. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათვაისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

კომენტარები