აშშ-ჩინეთი

აშშ-ს სენატმა მიიღო კანონი, რომელიც სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავს

Reuters-Yonhap

გუშინ, 14 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავს.

ბოლო კვირებია შტატების მზარდმა რაოდენობამ სახელმწიფო თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს სამთავრობო მოწყობილობებზე პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაციის, TikTok-ის გამოყენება აუკრძალა. ამის მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ შესაძლო თვალთვალისა და "ჩარევის ოპერაციების" შესახებ FBI-ის გაფრთხილებაა. 

გასულ თვეს აშშ-ს სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა აპლიკაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ შეაფასა. 

TikTok-ი ეკუთვნის ჩინურ კომპანია Bytedance-ს, რომელიც, ქვეყნის პარტიულ-სახელმწიფოებრივი სისტემის გათვალისწინებით, დიდწილად ჩინეთის მთავრობას ექვემდებარება. თავად TikTok-ი არ მუშაობს ჩინეთის შიგნით და კომპანია არ ინახავს აშშ-ს მომხმარებლის მონაცემებს ჩინეთში.

კომენტარები