მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა – ადვოკატი

სააკაშვილი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისევ შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ექსპრეზიდენტმა გადაწყვეტილება სასამართლო პროცესში არჩართვის შემდეგ პროტესტის ნიშნად მიიღო.

"ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როცა სააკაშვილი არათუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა". – თქვა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა.

ადვოკატმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისი წერილი წაიკითხა, რომლის თანახმადაც სააკაშვილი მანამ იშიმშილებს, სანამ პროცესზე ჩართვის მყარ გარანტიებს არ მიიღებს:

"დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ, იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო-ლინკით მაინც ჩართვაზე. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს". – წერს სააკაშვილი.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით არ ჩართეს, რათა არ ეჩვენებინათ "მომაკვდავ მდგომარეობაში" მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

"ტექნიკა ჰქონდათ, უნდა მიეღოთ ლინკი პენიტენციურიდან და შესაბამისად, უნდა მოსულიყო სასამართლოს თანამშრომელი. არც ერთი და არც მეორე არ გამოცხადებულა და არ მოსულა". – თქვა ხაჭაპურიძემ.


მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.

14 დეკემბრის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად უნდა ჩართვოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ვივამედს "შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები არ აქვს". იქამდე, კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი მზად არის, სასამართლო პროცესს ONLINE დაესწროს. სხდომაზე მოსამართლემ იკითხა, "მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს, მომდევნო წელს რომ ჩავნიშნოთ პროცესი, ჩართვის საკითხს წავწევთ წინ?", რაზეც მოპასუხე მხარემ თქვა, რომ "პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ეცდება პრობლემის მოგვარებას".

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისი სასჯელის გადავადებას ან მის სრულ გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები