ენმ

მამულაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება, ხვედელიანი – გენერალური მდივნობის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ის წერს, არჩევნებში ერთვება გიორგი ხვედელიანთან ერთად, რომელიც გენერალური მდივნობის კანდიდატი იქნება. 

"ორი წლის წინ, 2021 წლის 31 იანვარს, ნაციონალურმა მოძრაობამ განახლება გამოაცხადა და საზოგადოებას თორმეტი ახალი წევრი წარუდგინა.

მაშინ ჩვენც ამ განახლების ნაწილი გავხდით ერთადერთი მიზეზით - გვემოქმედა პარტიის გაჯანსაღებისთვის, შემდეგ კი ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული საქართველოსთვის. ცვლილებების სურვილისა და უკომპრომისო ბრძოლის მიუხედავად, დავინახეთ, რომ მძიმე სისტემური პრობლემების გამო, პარტიის გაჯანსაღება შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ, სხვადასხვა დროს, თუმცა ერთი და იმავე მიზეზით, დავტოვეთ პარტია.

ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის.

თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია!

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად.

ჩვენ, ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი - პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი.

დავდგეთ ერთად ცვლილებებისთვის!"  

ნონა მამულაშვილმა პარტია და პარლამენტი 3 ნოემბერს დატოვა და თქვა, რომ ენმ "დიდი ხანია პოლიტიკისგან დაცლილია". 

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ამჟამად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს.

კომენტარები