ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთი ბელგიას აფრთხილებს, რომ ტაივანთან დაკავშირებით "ცეცხლს ეთამაშება" – POLITICO

Politico-ს ინფორმაციით, ჩინეთის ელჩი ბელგიაში, კაო ჟონმინგი ბელგიელ კოლეგასთან გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ტაივანის საკითხი ჩინეთისთვის და აფრთხილებს ბელგიას, რომ არ დაუჭიროს მხარი "ტაივანის სეპარატისტულ ძალებს" არავითარი საშუალებით, რათა ერთობლივად დაიცვან ორმხრივი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. 

წერილში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობას წახაალისებს სერიოზულად გაართულებს მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხს ტაივანის სრუტეში და ტაივანთან დაკავშირებით "ცეცხლთან თამაში" კი ქვეყანათა შორის ურთიერთობისთვის დამაზიანებელი იქნება.

რეზოლუცია, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელს ვან ჰუფმა წარადგინა, გმობს ჩინეთის აგრესიას ტაივანის მიმართ და მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან. 

ვან ჰუფმა, რომლისთვისაც წერილია განკუთვნილი, Politico-სთან აღნიშნა, რომ რეზოლუცია არ ცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას, პირიქით, მისი თქმით, "რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ სტატუს კვოს არ უნდა შეეხოს ცალმხრივად და ეს ეხება, როგორც ჩინეთს ისე ტაივანს". 

პეკინის ბოლო წერილში ჩინეთის ელჩმა ასევე გააკრიტიკა ვან ჰუფის ბოლო ვიზიტი ტაივანში და იგი "მავნე ქმედებად და ერთი ჩინეთის პოლიტიკის დარღვევად შეაფასა. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები