მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვაშაძე: პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მითხრა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამას ყველა ის სამედიცინო დასკვნა ადასტურებს, რომელიც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაკეთდა. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფის დასკვნაც, რაც მოვისმინეთ. ამას ადასტურებს ქართველი თუ უცხოელი ექიმების მიერ გაკეთებული დასკვნები, ანალიზის შედეგები და ამერიკელი ექსპერტის დასკვნაში, სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საკითხთან დაკავშირებითაც  არის პირდაპირ საუბარი.

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ, ყოველდღიურად მძიმდება. შესაბამისად, სუფთა ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ჩემი ამოცანა იყო, რომ გულწრფელად მინდოდა, მიხეილ სააკაშვილი მენახა. ერთი მხრივ, ის გამემხნევებინა, მეორე მხრივ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირადად მენახა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მივმართე. პაპუაშვილმა სააკაშვილის მონახულებაზე უარი მითხრა. ეს ჩემთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სიმართლე დამალოს, რაც არის. გაცილებით უფრო საგანგაშოდ მივიჩნევ ბოლო დღეებში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მიზანმიმართულად ადგილი აქვს თვითდაზიანებებს. ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს ძალიან ჰგავს. როდესაც ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი არ ვიცით, ეს ტყვია ვინ გაისროლა. მაშინ, ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. სამწუხაროდ, ქართული ოცნება რა განცხადებებსაც აკეთებს, ფაქტობრივად, ეს არის საზოგადოების წინასწარ მომზადება, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე შედეგით დასრულდა, ღმერთმა ნუ ქნას, ასეთ შემთხვევაში, თავად ის დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში. ამას შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. 

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები