რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ-მ უკრაინისთვის HIMARS-ებს მოდიფიკაცია ჩაუტარა, რათა რუსეთის ტერიტორია არ დაებომბათ

უკრაინული ძალების მიერ მოხატული HIMARS-ი.
Defense of Ukraine Twitter

The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ უკრაინისთვის გადაცემულ HIMARS-ის სისტემებს საიდუმლო მოდიფიკაციები ჩაუტარა, რათა დიდი მანძილის მქონე რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში ვერ მიეტანათ. ამის შესახებ მათთან ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ისაუბრა.

აშშ-მ უკრაინას ივნისის შემდეგ HIMARS-ის 20 ერთეული მიაწოდა, საკუთარი დიდი რადიუსის მქონე რაკეტებით, რომლებსაც, დაახლოებით, 80 კმ.-ს დაფარვა შეუძლიათ. უკრაინა სისტემას რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობებზე, მომარაგების ხაზებსა და სარდლობის შტაბებზე იერიშების მისატანად იყენებს.

როგორც WSJ წერს, მათთან აშშ-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ პენტაგონმა HIMARS-ის სისტემებს ისეთი მოდიფიკაციები ჩაუტარა, რომ მათი მეშვეობით უკრაინელი სამხედროები უფრო შორი მანძილის მქონე რაკეტების, მათ შორის აშშ-ს არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტის, ანუ ATACMS-ის გაშვებას ვერ შეძლებენ. ATACMS-ის რადიუსი დაახლოებით 320 კმ.-ს აღწევს. 

აშშ უკრაინას ATACMS-ის რაკეტებს ამ ეტაპზე არ აწვდის, თუმცა, როგორც WSJ-ს წყაროები ამბობენ, მოდიფიკაციის მეშვეობით, ვაშინგტონში დარწმუნებული იქნებიან, რომ თუ კიევი მათ სხვა წყაროსგან, სხვა ქვეყნისგან მიიღებს, ამ რაკეტების გასაშვებად არსებულ სისტემებს ვერ გამოიყენებენ. მათივე თქმით, უკრაინა გამშვებებს ვერ გამოიყენებს სხვა სახის გრძელი მანძილის მქონე რაკეტების გასაშვებად, თუ მსგავს შეიარაღებას თავად დაამზადებენ, ან სხვა ქვეყნისგან მიიღებენ. 

პენტაგონში მოდიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

"ოპერაციული უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჩვენ საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებთ მოკავშირეებისთვისა და პარტნიორებისთვის მიწოდებული სისტემების კონფიგურაციებზე. შეერთებული შტატები უკრაინისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საჭირო შესაძლებლობებით დახმარების ერთგული რჩება". – თქვა პენტაგონის სპიკერმა, აშშ-ს საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა, პატრიკ რაიდერმა.

WSJ-ს წყაროების თქმით, მოდიფიკაციაში ჩართული იყო თეთრი სახლი, სადაც კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. კომენტარი არც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გააკეთეს.

უკრაინას აშშ-სთვის მიცემული აქვს პირობა, რომ HIMARS-ებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად არ გამოიყენებენ.

გასულ თვეებში WSJ წერდა, რომ რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, აშშ უკრაინას Gray Eagle MQ-1C-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარს ეუბნებოდა.

კომენტარები