აშშ-უკრაინა

WSJ: რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, აშშ უკრაინას Gray Eagle-ის დრონებზე უარს ეუბნება

MQ-1C Gray Eagle

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტაცია უკრაინას თანამედროვე Gray Eagle MQ-1C ტიპის  უპილოტო საფრენ აპარატებს არ გადასცემს, კიევისა და აშშ-ს კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენელთა ჯგუფების თხოვნის მიუხედავად. 

WSJ-ს ამერიკელი მაღალჩინოსანი წყაროების ცნობით, პენტაგონმა უკრაინისთვის Gray Eagle MQ-1C ტიპის დრონების მიწოდებაზე უარი კონფლიქტის ესკალაციის შიშით თქვა. მათი თქმით, პენტაგონში ფიქრობენ, რომ ამ დრონების უკრაინისთვის გადაცემა იქნება სიგნალი რუსეთისთვის, რომ აშშ კიევს აწვდის იარაღს, რომლის მეშვეობითაც რუსეთში მდებარე პოზიციების სამიზნეში ამოღებაც იქნება შესაძლებელი.

ამას გარდა, WSJ-ს წყაროების თქმით, აშშ-ს ზოგიერთი მაღალჩინოსანი იმითაც იყო შეშფოთებული, რომ დრონის ტექნოლოგია, შესაძლოა, საზღვარგარეთ ბრძოლის ველზე მოეპარათ. თუმცა, წყაროების თქმით, ეს უარის მთავარი მიზეზი არ ყოფილა.

WSJ-სთან დრონების მწარმოებელი კომპანიის, General Atomics-ის სპიკერმა თქვა, რომ მათ გადაწყვეტილების შესახებ იციან. გამოცემასთან კომენტარი არ გააკეთეს პენტაგონსა და თეთრ სახლში.

კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლები ბაიდენის ადმინისტრაციას სთხოვდნენ, რომ უკრაინა მოემარაგებინათ დრონებით, რომლებსაც 24 საათზე დიდ ხანს ფრენა შეეძლებოდათ. WSJ-ს წყაროების ცნობით, სექტემბერში 17-მა დეპუტატმა დაწერა წერილი, რომელშიც უკრაინისთვის Gray Eagle-ების გადაცემის პროცესის დაჩქარებას ითხოვდნენ, რასაც კაპიტოლიუმში ბრიფინგის გამართვა მოჰყვა.

ჯერ კიდევ ივნისში გამოცემა Reuters-ი წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას, შესაძლოა, უკრაინისთვის Gray Eagle MQ-1C ტიპის 4 დრონი გადაეცა.

Gray Eagle-ს მისიაზე ფრენა 30 საათზე მეტ ხანს შეუძლია და ასევე დაზვერვისთვის დიდი ინფორმაციის შეგროვების უნარი აქვს. Gray Eagle-ი არის უფრო ცნობილი დრონის, Predator-ის აშშ-ს არმიისთვის განკუთვნილი ვერსია და შეუძლია 8 დიდი სიმძლავრის Hellfire-ის ტიპის რაკეტით აღჭურვა.

კომენტარები