რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა "LGBT პროპაგანდის" ამკრძალველ კანონმდებლობას მოაწერა ხელი

Alexandr Demyanchuk/Sputnik/Kremlin Pool/AP

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა "LGBT პროპაგანდის" ამკრძალავ კანონმდებლობას. აღნიშნული კანონით, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინია, იკრძალება "LGBT პროპაგანდის" ნებისმიერ საჯარო სივრცეში გავრცელება. 

ახალი კანონმდებლობით, რომელიც წარმოადგენს "LGBT პროპაგანდის" უფრო ფართო განმარტებას, ნებისმიერი ქმედება, ან ინფორმაციის გავრცელება, რაც ჩაითვლება ჰომოსექსუალიზმის წახალისებად საჯარო ან ონლაინ სივრცეში, ფილმებში, წიგნებსა თუ რეკლამებში, შესაძლოა დიდი ოდენობის ჯარიმით დაისაჯოს.

კანონის ამოქმედების შემდეგ რუსეთში კინოგაქირავებასა და სატელევიზიო არხებს უფლება არ ექნებათ შეიძინონ LGBT თემატიკის შემცვლელი პროდუქცია.

აღნიშნული კანონმდებლობა, რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით 28 ოქტომბერს მიიღო.

რუსეთში 2013 წლიდან არასრულწლოვანთა შორის "LGBT პროპაგანდის" კანონი მოქმედებდა. მაშინ ვლადიმირ პუტინმა განმარტა, რომ კანონი მიმართულია არა LGBT ადამიანების მიმართ, არამედ არასრულწლოვანთა შორის "პროპაგანდის" წინააღმდეგ.

"რუსეთში არ იყო, არ არის და არ იქნება ისეთი კანონი, რომელიც რასობრივი, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების, რელიგიური ან ნებისმიერი სხვა ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს უფლებებს შეუზღუდავს". – განაცხადა პუტინმა 2013 წელს.

კომენტარები