ირაკლი ღარიბაშვილი

დეკანოიძე ღარიბაშვილზე: უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებს აყენებს შეურაცხყოფას

მე ვფიქრობ, ეს უბრალოდ იმის გამოხატულებაა, რომ მას სამძიმრის თქმა მოუხდა და მოუწია. ეს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა, როდესაც არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, ან ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვდნენ იმას, რომ ჩვენი ყველაზე თავგანწირული ადამიანების, მოქალაქეების, მებრძოლების დაღუპვის შედეგად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოზიცია ძალიან მალე დაფიქსირებულიყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ზიზღის ენა განავრცო და საშინელ განცხადებებზე გადავიდა. ჩემი წარმოდგენით, მას ნერვებმა უმტყუნა. მე ირაკლი ღარიბაშვილისგან არასდროს არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები. ის არის ადამიანი, რომელიც, სამწუხაროდ, იმ პიროვნებას წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი, რომელმაც საკუთარი ინტერესების გამო, საქართველოს სახელმწიფოს დააბრალა რუსეთის წინააღმდეგ აგრესია.

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ახალი არ არის. ეს მათი პროპაგანდაა, რომელიც რუსეთისა და კრემლის პროპაგანდასთან ერთი-ერთშია. ერთადერთი, რაც ახლა ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე უფრო შეურახმყოფელია, არის ის, რომ იმ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, იმ ადამიანებს, ვინც ბახმუტში ალყაში იყვნენ მოქცეული - აი, ამ ადამიანებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ ბრძოლაში ვიღაცის შეკვეთით მიდიხართო. ღარიბაშვილისთვის წარმოუდგენელია, რომ თავისუფლებისთვის ადამიანმა თავი გაწიროს. ამიტომ, მის ამ განცხადებაში ამ ადამიანების შეურაცხყოფა არის ყველაზე უფრო საშინელი და ამაზრზენი. ამ მებრძოლებს აყენებს შეურაცხყოფას იმიტომ, რომ შიდა პოლიტიკური შუღლისთვის ასე სჭირდება. ჩემი მოსაზრებაა და ვფიქრობ, ამაში საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ახლა, ამ წუთას ამ მებრძოლების ფასი არავინ და არაფერი გვყავს. ისინი არიან თავისუფლების ყველაზე დიდი ელჩებიც, ემისრებიც. შიდა პოლიტიკური კლასი სულ რომ გადაადნო, ამ ადამიანების ფასი არაფერი არ არის, წარმოუდგენელ გმირობას სჩადიან. 

თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ TV პირველის ეთერში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე. ღარიბაშვილის სიტყვებით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიის" წარმომადგენლებს მიჰყავთ.

კომენტარები