ოკუპირებული აფხაზეთი

საგარეო: მკაცრად ვგმობ დუმის თავმჯდომარის, ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას

ვიაჩესლავ ვოლოდინი და ლაშა აშუბა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დუმის სპიკერის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს". – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. 

დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებულ სოხუმში 1-ელ დეკემბერს ჩავიდა. მან მარიონეტ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან გამართა შეხვედრა, რომელსაც მასთან ერთად დუმის ვიცე-სპიკერი, სერგეი ნევეროვი, დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი, მიხაილ შურგალინიც დაესწრნენ.

ამას გარდა, ვოლოდინი შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარესაც, ლაშა აშუბას. 

ვოლოდინმა სოხუმში ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

კომენტარები