რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ასაფეთქებლის შემცველი გზავნილი ესპანეთში აშშ-ს საელჩომაც მიიღო

ესპანელი პოლიციელი უკრაინის საელჩოსთან, 2022 წლის 30 ნოემბერი.
Reuters/ხუან მედინა

1-ელ დეკემბერს ესპანელმა პოლიციელებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა უვნებელყვეს. ასაფეთქებელი ესპანეთში აშშ-ს საელჩომ, სხვა შემთხვევების მსგავსად, ამანათის სახით მიიღო. ეს უკვე მეექვსე უვნებელყოფილი ასაფეთქებელია, რომელიც ესპანეთში დიდი მნიშვნელობის დაწესებულებებს გაუგზავნეს.

თავდაპირველად, ასაფეთქებლების გაგზავნის სერია 24 ნოემბერს დაიწყო, როცა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გზავნილი მიიღო. ამ შემთხვევის შემდეგ, მადრიდმა საჯარო დაწესებულებებთან და შენობებთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შემდეგ, მსგავსი მოწყობილობები გაუგზავნეს თავდაცვის სამინისტროს, საჰაერო ძალების ბაზას, იარაღის მწარმოებელსა და უკრაინის საელჩოს ესპანეთში.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, ეს შემთხვევები მადრიდს უკრაინისთვის მხარდაჭერაზე უარს ვერ ათქმევინებს. 1-ელ დეკემბერს რობლესი უკრაინაში, საპორტო ქალაქ ოდესაში იმყოფებოდა, სადაც ის კოლეგას, ოლეკსი რეზნიკოვს შეხვდა.

"ცხადი უნდა იყოს, რომ ვერანაირი მსგავსი მოწყობილობა ან სხვა რაიმე ძალადობრივი ქმედება ვერ შეცვლის ესპანეთის, NATO-ს ქვეყნებისა და ევროკავშირის უკრაინისთვის მხარდაჭერის მკაფიო და ურყევ სურვილს". – თქვა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა.

აქამდე, 30 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა

ასაფეთქებელი მოწყობილობა ესპანეთში უკრაინის ელჩისთვის, სერგიი პოგორელცევისთვის განკუთვნილ გზავნილში იდო. 

გზავნილი, რომელიც საელჩოში ფოსტით მივიდა და შემოწმებული არ იყო, საელჩოს თანამშრომელმა შენობის ბაღში გახსნა, როდესაც შიგთავსი აფეთქდა. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, თანამშრომელს თითი მცირედ დაუშავდა. 

სერგიი პოგორელცევმა უკრაინულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ საეჭვო ამანათი საელჩოს უკრაინელ თანამშრომელს გადასცეს. მისივე თქმით, გზავნილში იდო ყუთი, რამაც თანამშრომელს ეჭვები გაუჩინა და გადაწყვიტა ნივთი გარეთ გაეტანა, სადაც მან ის გახსნა. ესპანეთში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თანამშრომელმა ამანათი გახსნა, მან ხმა გაიგო და საგანი დააგდო, რუს შემდეგაც აფეთქების ხმა გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ ყუთი მაშინ არ აფეთქდა, როცა თანამშრომელს ის ხელში ეჭირა, მას თითი მაინც მცირედ დაუშავდა და ტვინის შერყევა მიიღო. 

პოლიციამ დაადასტურა, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ჩრდილოეთ ესპანეთში, სარაგოსაში მდებარე იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ მსგავსი ამანათი მიიღო, თუმცა მათ საელჩოს შემთხვევაზე ინფორმაცია ჰქონდათ და გზავნილი არ გახსნეს.

ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა, როსა სერანომ თქვა, რომ ორივე გზავნილს, ერთი შეხედვით, ერთი და იგივე გამომგზავნი ჰყავდა. მისი თქმით, გზავნილი უკრაინიდან იყო მოსული, რამაც კომპანიაში ეჭვები გააჩინა და პოლიცია გამოიძახეს.

იარაღის მწარმოებელი კომპანია Instalaza, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუგზავნეს, უკრაინისთვის მიწოდებულ C90-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს ამზადებს.

ესპანეთის პოლიცია შემთხვევებს შორის კავშირს იკვლევს.

საელჩოს ინციდენტის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მსოფლიოში უკრაინის საელჩოებს უსაფრთხოების გაძლიერების ბრძანება მისცა, ესპანეთს კი თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

კომენტარები