კრიმინალი

POG: მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

shutterstock

პროკურატურამ მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა – პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთი დაკავებულის დედა ამბობს, რომ ის ცოლზე ძალადობის გამო წარსული ნასამართლევია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".

კომენტარები