რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ღირებულების სესხის გადაცემას მხარი დაუჭირა

European Union

ევროპარლამენტი 2023 წლის განმავლობაში უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 18 მილიარდი ევროს ღირებულების სესხს გადასცემს. შესაბამის გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე მიიღო. რეზოლუციას მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 38 მისცა, 26-მა კი თავი შეიკავა.

ფინანსური დახმარების პაკეტი უკრაინას რეაბილიტაციისთვის გადაეცემა, როგორც პირველადი მხარდაჭერა ომის შემდგომი აღდგენისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. თანხა მოხმარდება რუსული აგრესიის შედეგად დანგრეულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას – ენერგო და წყალმომარაგების სისტემებს, სატრანსპორტო ქსელებს, გზებსა და ხიდებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებსა და დევნილთა საცხოვრებლებს.

ამასთან, სესხს თან ახლავს რეფორმების გატარების პირობები. კერძოდ, ანტიკორუფციული რეფორმები, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობის პატივისცემა, კარგ მმართველობასა და ინსტიტუტების მოდერნიზება, რასაც ევროკომისია ყოველი ტრანშის წინ შეაფასებს.

"უკრაინა იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს განსაკუთრებული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული, სამხედრო და ფინანსური მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გუშინ დავიწყეთ ევროპული კამპანია იმედის გენერატორები, რათა გავუადვილოთ უკრაინას ზამთრის გადატანა". - თქვა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ.

კომენტარები