ენმ

ხაბეიშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილს ბოკერია-ჩერგოლეიშვილთან შეუთავსებლობის გამო ლანძღავდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2016 წელს მისთვის გამაღიზიანებელი იყო ტელეკომპანია ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის დამოკიდებულება ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ.

ხაბეიშვილმა ტელეკომპანია ფორმულაში თქვა, რომ მის წინააღმდეგ 2016-2017 წლებით დათარიღებული ორი ვიდეოა - ერთი, სადაც ის დავით კეზერაშვილზე საუბრობს, ხოლო მეორე, სადაც ნაციონალურ მოძრაობას მისივე თქმით, "აუგად" მოიხსენიებს.

"2016 წელს საუბარი იყო, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის [მიმართ] მე ჩემი დამოკიდებულებები მქონდა, არც ჩერგოლეიშვილს ვუყვარვარ, არ გიჟდება ჩემზე და ყოველ დღე პოსტები შეგიძლიათ ნახოთ ჩემზე, მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს ჩერგოლეიშვილის მიმართ და ჩემთვის ცნობილი იყო დათო კეზერაშვილის დამოკიდებულება პირობითად ჩერგოლეიშვილი-ბოკერია პარტიის მიმართ და ამაზე გაღიზიანებული, როცა შიდა პარტიული ამბავი იყო და მათ შორის, მომიწია მაშინ 8 თვის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დატოვება და პირდაპირ გაცხადებული იყო ეს ჩემი მხრიდან და იმ ნაწილის მხრიდან, ვინც გავედით, რატომ მოხდა ეს - ეს იყო ჩემი პირადი შეუთავსებლობა გიგასთან და ჩერგოლეიშვილთან.

მე ვფიქრობდი, რომ ჩერგოლეიშვილის და ბოკერიას პარტიაში ვერ ვიქნებოდი, ნამდვილად და ასევე ვფიქრობდი, რომ ისინი მაშინ ებრძოდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, ამაზე მე საჯაროდ ვსაუბრობდი და ვიდეოს მეორე ნაწილს ასევე ატრიალებენ და საუბარია, ნაციონალური მოძრაობის სისუსტეზე, როცა ვსაუბრობ, სწორედ ჩემთვის ბოკერია-ჩერგოლეიშვილის მართულ ნაციონალურ მოძრაობაზე და ზოგადად არ ვაფასებდი, ასე ვუყურებდი მე მაშინ ნაციონალურ მოძრაობას. ნამდვილად ვფიქრობდი და ახლაც, ამ ნაწილში ნამდვილად არ შევმცდარვარ, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილი ცდილობდა პარტიის ახევას მიშა სააკაშვილისთვის და ამას მე ვსაუბრობდი ღიად და თუ ეს ვიდეოები მოიძიეს, ის ვიდეოებიც შეუძლიათ ნახონ". - თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წელს დატოვო და გიორგი ვაშაძის ახალ პარტიას შეურთდა. თუმცა, 2017 წელს მან ადგილობრივი არჩევნების დროს გიორგი ვაშაძის პარტია ახალი საქართველო დატოვა და მონაწილეობა არჩევნებში ენმ-ს სახელით მიიღო.

2017 წელს ტელეკომპანია იბერიას ეთერში ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ დავით კეზერაშვილმა მილიონები მოიპარა და ის ბიძინა ივანიშვილს "ემსახურება" "ვითომ ოპოზიციის დაფინანსებით".

ხაბეიშვილმა ფორმულაში საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის შემდეგ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ბევრი რამე შეიცვალა - მათ შორის ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილება და ტელეკომპანია ფორმულას არსებობა.

"მათ შორის იყო ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილება, რეზოლუციები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები კეზერაშვილის პოლიტიკურ დევნასთან დაკავაშირებით, მათ შორის არის ოპოზიციური არხი ფორმულა, ძალიან ძვირფასი ჩემთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი, პირდაპირ გეტყვით კიდევ ერთს, მე ძალიან რომ არ მომწონდეთ, ძალიან მომწონხართ, პატივს გცემთ, მაგრამ მაგალითად არ მომწონხართ ბატონო გიორგი [გიორგი თარგამაძე], თუ შევხედავ რომ კობახიძე, POSTV, იმედი ყოველდღიურად ლაპარაკობს თქვენზე ცუდად და თქვენგან ხატავს მტრის ხატს, მე დავფიქრდები მინიმუმ ჩემს შეხედულებებზე და მეცოდინება, რომ კობახიძის, მდინარაძის, ზარქუას პირით მე არ უნდა ვილაპარაკო". - ამბობს ხაბეიშვილი.

კომენტარები