საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ზენონი: მე ვმორჩილებ მისი უწმინდესობის ხელმოწერას

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯულის თქმით, ის ემორჩილება პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერას დოკუმენტზე, რომლითაც ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან ჩამოაშორეს.

"როცა შევეხე კომისიის დადგენილებებს და მისი უწმინდესობის ბრძანებას, მინდა გითხრათ, რომ დიახ, ეს არის მორიგი არაკანონიკური საქციელი, რომელსაც არაკომპეტენტური მღვდელმთავრები და სამღვდელოების ნაწილი, აქტივისტები და მათი გარემოცვა რომლებსაც არ აქვთ სათანადო კომპეტენცია, ქმნის და არაერთხელ ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა პატრიარქის ხელწერა ჩნდება ამ არაკომპეტენტურ ტექსტებზე, პასუხისმგებლობა აუცილებლად ხელის მომწერს ეკისრება, თვითონ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვმორჩილებ მხოლოდ და მხოლოდ მისი უწმინდესობის ხელმოწერას, რომელიც აქ არის. ვმორჩილებ მის ხელმოწერას იმიტომ, რომ მე არც ძალაუფლებას ვეტრფი, არც სახელს და არც დიდებას". – თქვა მეუფე ზენონმა ფორმულას ეთერში.

18 ნოემბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, რომელიც ამ დრომდე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას მართავდა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილმა კომისიამ ეპარქიის მართვას ჩამოაშორა და ის მხოლოდ დმანინისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას უმწყემსთავრებს. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა საპატრიარქომაც.

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო უპირისპირდებოდნენ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მრევლის ნაწილსა და მღვდელმთავარს შორის კონფლიქტი თვეებია გრძელდება. მორწმუნეთა ეს ჯგუფი მღვდელმთავარს რამდენიმე კანონიკურ და ზნეობრივ ბრალდებას უყენებს. ტაბულას ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაიბარებს ეპარქიის მართვას დროებით.

კომენტარები