ილონ მასკი

მასკმა ჯორდან პიტერსონის Twitter-ის ანგარიში აღადგინა

CHRIS DELMAS / DIMITRIOS KAMBOURIS / CHRIS WILLIAMSON/GETTY IMAGES

"აღვადგინეთ ქეითი გრიფინის, ჯორდან პიტერსონისა და Babylon Bee-ის ანგარიშები". - წერს Twitter-ზე უკვე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი. 

კლინიკურ ფსიქოლოგსა და პროფესორს, ჯორდან პიტერსონს Twitter-მა ანგარიშზე წვდომა მსახიობ ელიოტ პეიჯის "არასწორი გენდერით" მოხსენიებისთვის 2 ივლისს შეუჩერა.

მასკმა იმავე ტვიტში აღნიშნა, რომ კომპანიას ტრამპის ანგარიშზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

"Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის, მაგრამ არა გავრცელების თავისუფლება". - წერს მასკი. 

მისი თქმით, ნეგატიური/სიძულვილის შემცველი ტვიტები მაქსიმალურად დებოსტირებული და დემონეტიზებული იქნება. აქედან გამომდინარე, მასკის განმარტებით, მსგავსი პოსტებიდან Twitter-ი შემოსავალს ვერ მიიღებს. 

"თქვენ ვერ იპოვით ტვიტს, თუ კონკრეტულად არ მოძებნით მას". - აღნიშნა მასკმა სიძულვილის შემცველ შინაარსზე საუბრისას. 

მასკის გეგმების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

ივლისში ანგარიშის გაუქმების მიზეზად Twitter-ის ადმინისტრაციამ პიტერსონს აცნობა, რომ მისი კომენტარები სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს არღვევს, რომელიც, ამ შემთხვევაში, გენდერული იდენტობის გამო სხვა ადამიანის მიმართ ძალადობის წახალისებას გულისხმობს.  

ანგარიშის გაუქმების შემდეგ, პიტერსონის შვილმა, მიკაილამ პიტერსონის ანგარიშის შეჩერებასთან დაკავშირებით ილონ მასკი მონიშნა  და დასძინა, რომ "ამჟამად, პლატფორმა ნამდვილად არ იცავს სიტყვის თავისუფლებას". 

"მე დავბრუნდი, მადლობა ილონს". - ასე გამოეხმაურა ანგარიშის აღდგენას პიტერსონი. 

კომენტარები