მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე: მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლების იმედით თვითდაზიანება მიიყენა

ემპათია არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, მათ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. ემპათიის გარდა, არიან ენმ-სთან დაკავშირებული სხვა ადამიანებიც, რომლებიც ამ პარტიას საქართველოში ჩამოჰყავს. ეს საინტერესო არ არის. საინტერესო არის სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება. სახელმწიფო უწყებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ. მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომებია მიღებული, ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო. მაგალითად, უკვე თვეებია, ეს ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, სადაც მისი სათანადო მომსახურება უზრუნველყოფილია. 

ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში ციხეში თვითდაზიანება მიღებული პრაქტიკაა. სააკაშვილმაც თვითდაზიანება მიიყენა. არ დაიწყო შიმშილობა, თუ რაც იყო? გარკვეული თვეების განმავლობაში, ის საკვებს სათანადო დოზებით არ იღებდა. იყო ასეთი პერიოდი. მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლების იმედით თვითდაზიანება მიიყენა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და ბუნებრივია, არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი. მათ უნდათ არა სამედიცინო საფუძვლით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით, არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება. სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს მათი პრეროგატივაა. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცენტრმა ემპათიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა მოამზადა, რომელიც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს შორის ისეთი მძიმე დაავადებებიცაა, რაც მისი გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.

კომენტარები