ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ნასროლი რაკეტა იაპონიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ 2022 წლის 7 ნოემბერს გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც დაუზუსტებელ ადგილსა და დროს ბალისტიკური რაკეტების გამოცდაა ასახული

ჩრდილოეთ კორეამ 18 ნოემბერს გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც იაპონიის ტერიტორიული წყლების მახლობლად, მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეის სარდლობის თქმით, ჩრდილოეთმა რაკეტა ფხენიანის სუნანის რაიონიდან ისროლა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 200 კილომეტრში ჩამოვარდა. იაპონელი მაღალჩინოსნების თქმით, მას ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ აშშ-ს ტერიტორიასაც მისწვდომოდა. მარტის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როც ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

აქამდე, გასულ დღეს ფხენიანმა კიდევ ერთი, შედარებით მცირე ზომის რაკეტა გამოცადა, რაც იყო მათი "უფრო ხისტი სამხედრო პასუხის" გაფრთხილება აშშ-ს მიერ რეგიონში მოქმედებების მიმართ.

ფხენიანის მიერ კონტინენტთაშორისი რაკეტის გამოცდა ბოლო კვირაში მეორედ, წელს კი მერვედ მოხდა.

ბოლო პერიოდში სამხრეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა მკვეთრად იზრდება. მხოლოდ ამ წელს ჩრდილოეთ კორეამ 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ერთ-ერთმა იაპონიასაც კი გადაუფრინა. 

სამხრეთ კორეისა და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ფხენიანმა ყველა საჭირო მომზადება დაასრულა და მზადაა ბირთვული იარაღის გამოცდების გასაგრძელებლად, რაც ბოლოს 2017 წელს მოხდა.

კომენტარები