უნგრეთი

უნგრეთს "დრუჟბის" მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება აღუდგა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთისთვის დრუჟბის მილსადენით ნავთობის მიწოდება განახლდა.

მილსადენი დრუჟბა უნგრეთს ნავთობს რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიის გავლით აწვდის. 

გასულ დღეს, 15 ნოემბერს რუსულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია ტრანსნეფტმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნგრეთს დრუჟბის მილსადენით ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა. რუსული კომპანიის ცნობით, მიზეზად მილსადენში წნევის დაცემა სახელდებოდა. 

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი იერიშები მიიტანა. თავდასხმების დროს დაზიანდა ის სადგურიც, რომელიც დრუჟბის ნავთობსადენის მუშაობას უზრუნველყოფს.

პეტერ სიიარტოს თქმით, ნავთობის მიწოდება აღდგენილია დაბალი წნევით, თუმცა ჩვეული რაოდენობის მიწოდების აღსადგენად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როცა უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება შეწყდა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება საფრთხის წინაშე არ დამდგარა.

დრუჟბის ნავთობსადენიდან მომარაგების შეჩერებისა და პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს უსაფრთხოების საბჭო ჰყავდა მოწვეული.

კომენტარები