აშშ-უკრაინა

CNN: აშშ უკრაინისთვის Gray Eagle-ის დრონების მოდიფიცირებას განიხილავს

MQ-1C Gray Eagle
U.S. Army

CNN-ის ცნობით, აშშ განიხილავს Gray Eagle MQ-1C-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის მოდიფიცირებას. CNN ცნობას ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც CNN-ი წერს, განიხილება ისეთი ტექნოლოგიური ცვლილებების ჩატარება, რაც მათი ჩამოგდების შემთხვევაში, დრონების მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნოლოგიის რუსეთის ძალების ხელში ჩავარდნის შესაძლებლობას შეამცირებს. როგორც გამოცემა წერს, ეს დრონების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას გაზრდის. 

"არსებობს კონკრეტული და ძალიან ტექნიკური შესწორებები და ცვლილებები, რისი გაკეთებაც შეიძლება, რაც, შესაძლოა, შესაძლებელი ახლო მომავალში გახდეს. მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება და საკმაოდ რთულია". – ამბობს CNN-თან აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელმა.

CNN-ს წყაროს თქმით, შესაძლო მოდიფიკაციების კვლევას აშშ-ს არმია უძღვება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ცვლილებების გარეშე, Gray Eagle-ის ტიპის დრონი უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების სიაში, დიდი ალბათობით, არ შევა.

CNN-ი ამერიკელ და უკრაინელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს Gray Eagle-ების უკრაინისთვის გადაცემა არ გამოურიცხავს. აქამდე გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ უკრაინას, რუსეთთან ესკალაციის შიშის გამო, Gray Eagle-ებზე უარს ეუბნებოდა.

CNN-ის წყაროს თქმით, აშშ-ს ესკალაციაზე მეტად ტექნოლოგიური უსაფრთხოება აღელვებს. აშფოთებთ იმის შესაძლებლობა, რომ ძვირადღირებული დრონები შესაძლოა რუსებმა ჩამოაგდონ და მათი ტექნოლოგია ხელში ჩაიგდონ.

CNN-თან საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირქეტორმა, სეთ ჯონსმა და აღნიშნა, რომ აშშ-ს, სავარაუდოდ, მართლაც ესკალაციის უფრო ეშინია, ვიდრე რუსეთის ხელში დრონების ტექნოლოგიის ჩავარდნის.

CNN-თან კომენტარს არ აკეთებენ არც თეთრ სახლში და არც დრონების მწარმოებელ კომპანიაში, General Atomics-ში.

ჯერ კიდევ ივნისში გამოცემა Reuters-ი წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას, შესაძლოა, უკრაინისთვის Gray Eagle MQ-1C ტიპის 4 დრონი გადაეცა.

Gray Eagle-ს მისიაზე ფრენა 30 საათზე მეტ ხანს შეუძლია და ასევე დაზვერვისთვის დიდი ინფორმაციის შეგროვების უნარი აქვს. Gray Eagle-ი არის უფრო ცნობილი დრონის, Predator-ის აშშ-ს არმიისთვის განკუთვნილი ვერსია და შეუძლია 8 დიდი სიმძლავრის Hellfire-ის ტიპის რაკეტით აღჭურვა.

კომენტარები