აზერბაიჯანი-ირანი

აზერბაიჯანმა ირანის ელჩი ანტიაზერბაიჯანული კამპანიის გამო გამოიძახა

11 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი, საიედ აბას მუსავი მეზობელ ქვეყანაში არსებული ბოლოდროინდელი "აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პროპაგანდის" გამო გამოიძახა.

"შეხვედრის დროს ყურადღება მიექცა უკმაყოფილებასა და შეშფოთებას, რაც ეხება აზერბაიჯანის წინააღმდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და სამხედრო მაღალჩინოსნების ცილისმწამებლურ კამპანიასა და მუქარის შემცველ რიტორიკას, რომელიც არ შეესაბამება ორი ქვეყნის ურთიერთობის სულისკვეთებას". – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამას გარდა, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიუღებელია ირანში აზერბაიჯანის მიერ სამართლებრივ დევნაში გადაცემულ ადამიანებისთვის პირობების შექმნა, მათი ირანში ცხოვრება. ხაზგასმული იყო, რომ აუცილებელია იმ ხალხის ირანიდან აზერბაიჯანში ექსტრადაცია, რომლებზეც სასამართლოს დაკავების ბრძანება აქვს გაცმეული და საერთაშორისო ძებნაში არიან.

აქამდე, 10 ნოემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა აზერბაიჯანის ელჩი თეირანში, ალი ალიზადა, რათა გაეპროტესტებინათ "ანტიირანული პროპაგანდა", რომელსაც, ირანის მტკიცებით, აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები და ადგილობრივი მედია ავრცელებს. ირანის საგარეო უწყებამ გამოთქვა უკმაყოფილება აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების "არამეგობრულ სიტყვებზე", ასევე "ცილისმწამებლურ კამპანიაზე".

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობა გაუარესებულია. როგორც ამერიკული სამხედრო კვლევითი ცენტრი, ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) 17 ოქტომბრის ანგარიშში წერდა, ირანელი მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის მტკიცებით, ისრაელი აზერბაიჯანს სადაზვერვო ბაზად იყენებს, რათა ირანში საპროტესტო ტალღა გაამძაფრონ. 

ოქტომბრის შუა რიცხვებში ირანმა აზერბაიჯანის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებიც ჩაატარა, რაც ISW-ს შეფასებით, იყო ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მუქარა აზერბაიჯანის მიმართ, სავარაუდოდ, ისრაელის დაზვერვის აგენტების ქვეყანაში მიღებისთვის. 

ომის კვლევის ინსტიტუტს ასევე აღნიშნული ჰქონდა, რომ სამხედრო წვრთნების გახსნის ცერემონიას დაესწრო IRGC-ს მეთაური, გენერალ-მაიორი ჰოსეინ სალამი, რომელმაც ისრაელი ირანის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში მოქმედებაში დაადანაშაულა. მან ამ ქვეყნებში აზერბაიჯანი იგულისხმა.

ირანში საპროტესტო ტალღა სექტემბრის შუა რიცხვებში, ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მორალის პოლიციის მიერ ცემის შედეგად გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. შეტაკებები მიმდინარეობდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ასობით დემონსტრანტი. 

ირანსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება გასულ წელსაც გამწვავდა, როდესაც თეირანმა საზღვრებთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ვრცლად შარშანდელი დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ირანის ალყაში მოქცევის შიში – დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის.

კომენტარები