აზერბაიჯანი-ირანი

გადატრიალებაში ბრალდებულები და გაძევებული დიპლომატები – ბაქო-თეირანის ურთიერთობა იძაბება

აზერბაიჯანელი პოლიციელი ბაქოში ირანის საელჩოსთან, 2023 წლის 27 იანვარი.
AP Photo/Aziz Karimov

6 აპრილს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი, სეიედ აბას მუსავი, რომელსაც შეატყობინეს, რომ ოთხი ირანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

ამას გარდა, ელჩთან გამოხატეს უკმაყოფილება იმ "პროვოკაციული ქმედებების" გამო, რომლებსაც ირანი აზერბაიჯანის მიმართ ახორციელებს. ირანის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ, ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.

ამასთან ერთად, 6 აპრილს აზერბაიჯანში დააკავეს 6 პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ირანულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა. ბრალდების მიხედვით, მათ უნდა შეექმნათ "წინააღმდეგობის დანაყოფი", დაეწყოთ არეულობები გადატრიალების მიზნით, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ კი დაემყარებინათ შარიათის კანონი. 

აქამდე, 31 მარტს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანიმ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ისრაელს ესტუმრა.

ბაქომ ირანს ურჩია, რომ ბაირამოვის განცხადებებისთვის ყურადღებით მოესმინათ. აზერბაიჯანის საგარეო უწყების თქმით, მინისტრს ებრაელ კოლეგასთან ირანის საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია. ირანის ბრალდებების პასუხად, აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათ სხვა ქვეყნისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება არასდროს მიუციათ.

31 მარტის განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ ბოლო ხანებში ირანი აზერბაიჯანს ემუქრება, ატარებს სამხედრო წვრთნებსა და ფრენებს საზღვრის მახლობლად, აკეთებენ ანტიაზერბაიჯანულ განცხადებებს და იღებენ პროპაგანდისტულ ვიდეოებს. ნახსენები იყო ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარი თავდასხმა და ბაქოში მილი მეჯლისის დეპუტატის დაჭრაც. ასევე, განცხადების მიხედვით, სომხეთისა და ირანის მეგობრობა საფრთხეს უქმნის რეგიონს.

ამის შემდეგ, 3 აპრილს ირანმა ბაქოს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც აზერბაიჯანულ მედიაში ანტიირანული შინაარსის სტატიებისა და მაუწყებლობის კონტროლს ითხოვდნენ.

ამავე დღეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი გამოიძახეს სადაც მას უთხრეს, რომ ბრალდება ობიექტური არ იყო და საპასუხოდ ირანულ მედიაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ გავრცელებული მასალები წარმოუდგინეს. ირანელ დიპლომატს უწყებაში უთხრეს, რომ თეირანი ბაქოს წინააღმდეგ ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციებს ავრცელებს, გარკვეული მაღალჩინოსნების განცხადებები კი ძირს უთხრიან ორი ქვეყნის ურთიერთობას და აღრმავებენ მათ შორის არსებულ გაუგებრობას.

აქამდე, მარტის ბოლოს ირანის სახმელეთო ძალების მეთაურმა, ქიუმარს ჰეიდარიმ აზერბაიჯანი დაადანაშაულა ისრაელის ძალების საკუთარ ტერიტორიაზე მიღებასა და ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრების შეფარებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი რეგიონში საზღვრების ცვლილებებს არ დაუშვებდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ირანელი გენერლის სიტყვებს "ამაზრზენი ცილისმწამებლური განცხადება" და "აბსურდული წარმოდგენები" უწოდა.

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ბოლო პერიოდში ვითარება დაძაბულია. იანვარში აზერბაიჯანმა თეირანში დახურა საელჩო, მას შემდეგ, რაც შენობას თავს დაესხა შეიარაღებული პირი და საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოკლა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ თავდასხმას "ტერაქტი" უწოდა და მის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 28 მარტს ბაქოში, საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს აზერბაიჯანელი დეპუტატი, ფაზილ მუსტაფა, რომელიც ანტიირანული განცხადებებით გამოირჩეოდა. აზერბაიჯანის მთავრობას მომხდარს "ტერორისტული ქმედება" უწოდა. 

ვრცლად ირანის აზერბაიჯანის მიმართ არსებულ შიშებს გაეცანით 2021 წლის სტატიაში –ირანის ალყაში მოქცევის შიში – დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის.

კომენტარები