აშშ-ს არჩევნები 2022

ვის ირჩევენ ამერიკელები შუალედურ არჩევნებში?

აშშ-ს არჩევნები 2022

ვის ირჩევენ ამერიკელები შუალედურ არჩევნებში?

საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ამერიკაში არჩევნები კონგრესის დასაკომპლექტებლად ტარდება. ამერიკელები როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის წევრებს ირჩევენ. კენჭისყრა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და როდესაც არჩევნები პრეზიდენტის ოთხწლიანი ვადის შუალედშია, მას შუალედურ არჩევნებს უწოდებენ. 

ექსპერტები შუალედურ არჩევნებს ხშირად განიხილავენ, როგორც რეფერენდუმს მოქმედი პრეზიდენტის შესახებ.

2022 წელს, ბაიდენის მმართველობიდან 2 წლის შემდეგ, ამერიკელები შუალედურ არჩევნებში სენატორების მესამედს 6 წლის ვადით, ხოლო წარმომადგენელთა პალატის ყველა წარმომადგენელს 2 წლის ვადით ირჩევენ. რამდენიმე დიდ შტატში არჩევნები გუბერნატორისა და ადგილობრივი ოფიციალური პირების ასარჩევადაც ტარდება. 

ბოლო ორი წელია დემოკრატებს როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში, უმრავლესობა აქვთ, რაც პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ეხმარება, რომ სასურველი კანონები მარტივად მიიღოს. გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად, დემოკრატი და რესპუბლიკელი დეპუტატების რაოდენობა თითქმის ერთნაირია, რაც ამ არჩევნებში კონკურენციას კიდეც უფრო აძლიერებს. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ასობით კანდიდატი უნდა აირჩეს, მაგრამ, რამდენიმე ოლქი თუ შტატი წყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს სენატსა და პალატას.

გამოცემა fivethirtyeight-ის წინასწარი მონაცემების მიხედვით, არსებობს 53%-იანი შანსი, რომ გამარჯვებას ორივე დონეზე რესპუბლიკელები მოიპოვებენ.

შესაძლოა სადავო იყოს, ვინ მოიპოვებს უმრავლესობას სენატში, მაგრამ კონსენსუსია იმის შესახებ, რომ წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკური პარტია მოიგებს და კითხვად მხოლოდ ის რჩება - რა უპირატესობით.

რაც შეეხება სენატს, Crystal Ball 2022-ის კვლევის მიხედვით, ყურადსაღებია არიზონა, ნიუ-ჰემფშირი, კოლორადო, ვაშინგტონი, ნევადა, უისკოსინი, ოჰაიო, პენსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია. 

აქაც, წინასწარი მონაცემებით, სენატს რესპუბლიკელები მოიგებენ.

 

რატომ არის შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანი?

თუ რესპუბლიკელები მოიგებენ პალატას, სენატს ან, მით უფრო, ორივეს, ისინი შეძლებენ, დაბლოკონ ბაიდენის საკანონმდებლო დღის წესრიგი და შეეცდებიან აქციონ პრეზიდენტი "ფეხმრუდ იხვად". ასევე, წარმატების შემთხვევაში, დიდი ალბათობით რესპუბლიკელები ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენისა და ექიმი ფაუჩის წინააღმდეგ კონგრესში გამოძიებას დაიწყებენ.

სენატის უმრავლესობით, რესპუბლიკელებს ასევე შეეძლებათ არ დაამტკიცონ მინისტრთა კაბინეტი და მოსამართლეები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, თუ უზენაეს სასამართლოში ვაკანტური პოზიცია გაჩნდება. 

გამარჯვებულებს შეიძლება ჰქონდეთ დიდი გავლენა აბორტისა და ხმის მიცემის უფლებებზე, ასევე, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციაზე.

ამ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც ის არის, თუ როგორ შეცვლის შუალედური არჩევნები აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი უკრაინის კონტექსტში?

კონგრესის არჩევნებში საშინაო პოლიტიკის საკითხი დომინირებს - ინფლაცია, კრიმინალი, განათლება, კრიზისი საზღვრებთან. თუმცა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ისევე როგორც ყველაზე სხვა ომი მანამდე, ამტკიცებს, რომ რამდენადაც უნდა სურდეთ ამერიკაში შიდა საკითხებზე ფოკუსირება, გლობალური გამოწვევები ამ უკანასკნელში ყოველთვის შემოიჭრება. უკრაინა აისბერგის მწვერვალია და რესპუბლიკელებისთვის სხვა მრავალი საგარეო საკითხია გადასაწყვეტი, მათ შორის, ჩინეთთან ურთიერთობა, ტაივანის დაცვა, რუსეთის მუდმივი იზოლაცია, ახლო აღმოსავლეთი (ენერგეტიკა, ირანი და ისრაელი). და, უფრო ფართოდ, თავდაცვის ხარჯები.

შედარებით ადვილია იმის პროგნოზირება, რომ რესპუბლიკური უმრავლესობა გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებასა და დახმარებას, რადგან კენჭისყრა უკვე რამდენიმეჯერ ჩატარდა. და მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური ჯგუფის მნიშვნელოვანმა უმცირესობამ უარი თქვა დახმარებაზე - მათი რაოდენობა ორპარტიული მხარდაჭერის შესაცლელად ძალლიან მცირე იყო

აქვე, გასათვალისწინებელია, რომ მაშინ, როდესაც განიხილავენ 11 რესპუბლიკელს, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვა, ყურადღების მიღმა რჩება რესპუბლიკური პარტიის მთავარი აგრესიული ბირთვი, რომელიც კვლავ ინარჩუნებს გავლენას კაპიტოლიუმში -  ტომ კოტონი, მარკო რუბიო, ტედ კრუზი, ამასთანავე, წარმომადგენლებიდან მაიკლ გალერი, ელის სტეფანიკი. სავარაუდოდ, მათ შეურთდებათ მაიკ ტარნერი. ფაქტია, რომ კონგრესის ეს წევრები არიან ეროვნული უსაფრთხოების ძლიერი ქომაგები და მათ სურთ დაიცვან როგორც აშშ-ს, ასევე მისი მოკავშირეების ინტერესები. 

აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელების გამარჯვება ნიშნავს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე ძალისხმევას, ზეწოლას უკრაინაში იარაღის მიწოდების ხარისხის, თანმიმდევრულობის ზრდისთვის; და, აქვე, უფრო მკაცრი ხაზის დაცვას ჩინეთთან დაკავშირებით, პოტენციურად, დამატებით სანქციებს პეკინზე. 

ტრამპის მართველობასაც თუ გავიხსენებთ და არ გავითვალისწინებთ მის ტვიტებს, მეტყველების მანერასა და "პროგნოზებს", თუმცა ყურადღებას მივაქცევთ ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების რეალ პოლიტიკას, უფრო ცხადი გახდება, როგორი იქნება რესპუბლიკური პარტიით დაკომპლექტებული კონგრესის საგარეო პოლიტიკა: მკაცრი ჩინეთისა და ირანისმიმართ, თავდაცვის ინვესტიციების ზრდის ტენდენციით.

გუბერნატორები

ამჟამად მოსახლეობის 44 პროცენტი ცხოვრობს იმ 25 შტატიდან ერთ-ერთში, რომლის მთავრობასაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ხოლო 38 პროცენტი კი დემოკრატების მიერ კონტროლირებადი 16 შტატიდან ერთ-ერთში. ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც შუალედური არჩევნების პარალელურად ამერიკელები კენჭისყრით საშტატო-საკანონმდებლო პალატებსა და 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ. გუბერნატორების არჩევნები, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე შტატში კენჭს იყრიან ის კანდიდატები, რომლებიც შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში ვიხილოთ.

ფლორიდაში რონ დე სანტისი გუბერნატორობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, თუმცა, ეს არჩევნები მისთვის უფრო დიდი გამოცდაა, ვიდრე პოსტის შენარჩუნება - მნიშვნელოვანია, რამდენპროცენტიანი განსხვავებით მოიპოვებს წარმატებას დე სანტისი, რადგან ის 2024 წლისთვის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

თუ რესპუბლიკელებს არჩევნების დღეს საკმარისად ძლიერი აქტივობა ექნებათ, შესაძლებელია დესანტისმა ისეთი უპირატესობა მოიპოვოს, როგორიც 2002 წლის არჩევნების შემდეგ, სადაც ჯებ ბუშმა 56%-ით გაიმარჯვა, არცერთ გუბერნატორს არ ჰქონია. 

44 წლის ასაკში დესანტისი აშშ-ს პოლიტიკაში ჯერ კიდევ შედარებით ახალბედაა, პირველად წარმომადგენელთა პალატაში 2012 წელს აირჩიეს. სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ, 2018 წელს, ის გუბერნატორი გახდა

გასულ კვირას გამართულ დებატებზე დესანტისმა, რომელიც ფართოდ განიხილება 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად, უარი თქვა, ეპასუხა კითხვაზე, გუბერნატორად კიდევ ერთხელ არჩევის შემთხვევაში აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას.

არიზონაში, სადაც რესპუბლიკელების მხარდაჭერა ჭარბობს, წინასწარ გამოკითხვებში ყოფილმა წამყვანმა კარი ლეიკმა (რესპუბლიკელი) მოიპოვა მცირე, მაგრამ მზარდი უპირატესობა. ლეიკის შეხედულებებმა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ ის პოლარიზებულ ფიგურად აქცია, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ის უფრო ქარიზმატულია, ვიდრე მისი დემოკრატი ოპონენტი, კეტი ჰობსი, რომელმაც ლეიკთან დებატზე უარი თქვა, რასაც ამომრჩეველთა მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

ლეიკი არის იმ კანდიდატთა შორის, რომლებიც ბოლო არჩევნების შედეგებს უარყოფდა. Bloomberg News-ის ანალიზის მიხედვით, იგი სარა პეილინი და მარკ ფინჩმენთან ერთად, “მოპარული ხმების” მითის გამავრცელებელთა პირველ სამეულშია.

ამერიკელი ამომრჩეველი დღეს, 8 ნოემბერს გადაწყვეტს, ვის გაგზავნის კაპიტოლიუმსა და გუბერნატორების თანამდებობებზე. დიდი ალბათობით, შედეგების გამოცხადება დიდხანს არ შეყოვნდება, თუმცა, ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ არჩევნების ღამესვე არ გაირკვეს 2022 წლის არჩევნების გამარჯვებულები. ისეთი გადამწყვეტი შტატების ხმების დათვლას, როგორიცაა არიზონა, ნევადა და პენსილვანია, შესაძლოა რამდენიმე დღეც დასჭირდეს

კომენტარები