ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინი: ამერიკის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით

ევგენი პრიგოჟინი ვლადიმირ პუტინს ათვალიერებინებს საკუთარ დაწესებულებას, 2010 წლის 20 სექტემბერი, რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი.
Sergei Ilnitsky/AP

რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ აშშ-ს არჩევნებში ერეოდა, ერევა და მომავალშიც ჩაერევა. პრიგოჟინმა ეს სიტყვები მაშინ თქვა, როცა შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. პრიგოჟინს აქამდე აშშ ამერიკულ პოლიტიკაზე გავლენის ქონის მცდელობაში ადანაშაულებდა. 

"ძალიან მოკლედ და დელიკატურად გიპასუხებთ და ბოდიში, ორაზროვნებას დავუშვებ. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. აკურატულად, ზუსტად, ქირურგიულად და თავისებურად, როგორც შეგვიძლია. ჩვენი ოპერაციის დროს ამოვკვეთ ერთდროულად ორივეს, თირკმელსაც და ღვიძლსაც". – უპასუხა პრიგოჟინმა რადიო თავისუფლების უცხოური სამსახურის ჟურნალისტის შეკითხვას გამოცემა Bloomberg-ის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ რუსი ბიზნესმენი აშშ-ს 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩარევას აპირებდა. 

პრიგოჟინს, რომელიც პუტინის მზარეულის მეტსახელითაცაა ცნობილი, ფორმალურად ბრალად ედება რუსეთში არსებული "ტროლების ფერმის" დაფინანსება, რომელსაც აშშ-ს პოლიტიკაზე გავლენისთვის იყენებენ. 

2022 წლის ივლისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა $10 მილიონის ოდენობის ჯილდო მათთვის, ვინც პრიგოჟინის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევაზე ინფორმაციას მოიპოვებდა. რუსი ბიზნესმენი სანქცირებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ. 

8 ნოემბერს ამერიკელები სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს ირჩევენ.

2019 წელს პრიგოჟინის სამ კომპანიას 2016 წლის აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან კავშირების გამო სანქციები დაუწესეს.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს.

კომენტარები