საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ადმინისტრაციის ცნობით, კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

"გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ".- აღნიშნავს საქართველოს მთავრობა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა სოჭში მოლაპარაკებები გამართეს. სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერებმა 2020 წლის 9 ნოემბრისა და 11 იანვრის, ასევე 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი მოლაპარაკებების შესრულების პროცესი განიხილეს.

"მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, მკაცრად შეასრულონ შეთანხმების ყველა პირობა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. 

მხარეები შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მისი გამოყენების მუქარისგან, განიხილონ და გადაწყვიტონ ყველა პრობლემური საკითხი მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე გაეროს წესდების და ალმათის 1991 წლის დეკლარაციის შესაბამისად.

ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მიესალმებიან რუსეთის როლს მოლაპარაკებებში და მის მზადყოფნას, განაგრძოს სახელმწიფოებთან თანამშრომლობა კავკასიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის.". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები