საფრანგეთი

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე ეროვნულ გაერთიანებას ლე პენის ნაცვლად ბარდელა უხელმძღვანელებს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიამ -  ეროვნული გაერთიანება (ადრე: ეროვნული ფრონტი) პრეზიდენტად ჯორდან ბარდელა აირჩია - მარინ ლე პენის ადგილი 27 წლის ევროპარლამენტარმა დაიკავა

ბარდელამ, რომელიც დროებითი პრეზიდენტი ერთი წლით უკვე იყო, პარტიის წევრების ხმების თითქმის 85% მოიპოვა და დაამარცხა მისი კონკურენტი, ლე პენის ყოფილი პარტნიორი  ლუი ალიოტი. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც არ არის ლე პენის ოჯახის წევრი. ემანუელ მაკრონთან მარცხის შემდეგ ლე პენმა პარტიის ხელმძღვანელობა დატოვა.

ბარდელამ Reuters-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ლე პენის ოჯახის მიღმა შეირჩა RN-ის ხელმძღვანელი, "მცირე კულტურულ რევოლუციაა".  ეროვნული ფრონტი 1972 წელს ლე პენის მამამ, ჟან-მარი ლე პენმა დაარსა. 

"მე არ ვტოვებ ეროვნულ ფრონტს დასასვენებლად. მე იქ წავალ, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება". - თქვა ლე პენმა პარტიის ყრილობაზე. 

მოსალოდნელია, რომ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც დააყენებს საკუთარ კანდიდატურას. 

ბარდელა მუშათა კლასის ოჯახიდანაა. როგორც თავად ამბობს, ძალისხმევას არ იშურებს, რათა პარტიის მხარდამჭერები ულტრამემარჯვენე ბირთვის მიღმა გაზარდოს. ის 2019 წელს ხელმძღვანელობდა კამპანიას ევროპული არჩევნებისთვის, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და გადაუსწრო მაკრონის ცენტრისტულ პარტიას.

კომენტარები