ნიკა გვარამიას საქმე

EU: გვარამიას საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან

ნიკა გვარამია

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახური მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, ევროკავშირი გვარამიას საქმეს ყურადღებით აკვირდება და აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან.

"ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება - ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ცალკეული სასამართლო საქმეების არსზე, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ. ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ "უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს" ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს". - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად.

ასევე, ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის შესრულებაში.


2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები