რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: ხორბლის ექსპორტის შეჩერებით კრემლი ამბობს, რომ ადამიანები შიმშილით უნდა დაიხოცონ

Florian Gaertner/photothek.de/Pool - Anadolu Agency

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ გაეროს შუამავლობით გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების მცდელობაა

"რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს აფერხებს, არის კრემლის პირდაპირი განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის მეტი უნდა გადაიხადონ, ან შიმშილით დაიხოცონ". - წერია ბლინკენის განცხადებაში. 

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები