რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: პუტინს მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ერდოღანთან არ უსაუბრია

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინს მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან არ უსაუბრია და ჯერჯერობით არც აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს

მანამდე, Wall Street Journal-ის კორესპონდენტი თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ანკარისთვის ოფიციალურად ჯერ არ უცნობებია. 

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები