ილონ მასკი

"ჩიტი გათავისუფლებულია" – როგორ შეცვლის ილონ მასკი TWITTER-ს?

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ის $44-მილიარდიანი, ჯერ კიდევ მარტში დაწყებული შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, თუმცა ინფორმაცია ჯერ არც კომპანიას და არც ბიზნესმენს არ დაუდასტურებია. 

მედიის ცნობითვე, მასკმა გაათავისუფლა კომპანიის მთავარი აღმასრულებელი და კიდევ ორი დირექტორი.

"ჩიტი გათავისუფლებულია". – წერს მასკი საკუთარ Twitter-ზე მინიშნებით, რომ ჩიტში კომპანიის ლოგო იგულისხმება. 

შეთანხმების დასრულების შედეგად, მასკს აქვს შესაძლობელობა, ჰქონდეს ერთპიროვნული კონტროლი პოლიტიკური სიტყვისა და სოციალური დისკურსის შექმნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ პლატფორმაზე. თუმცა, ჯერ ისევ უცნობია, როგორ აპირებს მასკი შეცვალოს პლატფორმა. 

ფაქტია, რომ მასკს მოუწევს გაერკვეს ახალი - მანქანებისა და რაკეტების წარმოებისგან განსხვავებული ბიზნესის მართვაში, რათა ეფექტურად უხელმძღვალოს ისეთ მედია პლატფორმას, რომელსაც 400 მილიონი ადამიანი, მათ შორის, მსოფლიო ლიდერები, ჟურნალისტები და სხვა ცნობილი ადამიანები იყენებენ. ამ კონტექსტში მოუწევს მასკს თავისუფალი სიტყვის დაცვა. ეს უკნასკნელი კი, მისი თქმით, პლატფორმის მთავარი მიზანი უნდა იყოს. 

ამასთანავე, მასკმა უნდა იპოვოს კომპანიისთვის უკეთესი ბიზნეს მოდელი, რადგან Twitter-ი არასდროს ყოფილა ისეთი მომგებიანი, როგორიც მისი კონკურენტები - Facebook-ი და Youtube-ი. დამატებით კი, აქციების ფასი, გასული წლის მონაცემებით, საგრძნობლად დაეცა. Reuters-ის ინფორმაციით, სერვისის ყველაზე აქტიური და შემოსავლიანი მომხმარებლები პანდემიის შემდეგ პლატფორმას აქტიურად ტოვებენ. 

მასკმა უკვე გააზიარა ბევრი იდეა, ხშირად ტვიტების სახით, იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს კომპანიის შეცვლას. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. 

Twitter-ი იქცეს თავისუფალი სიტყვის პლატფორმად

ილონ მასკმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ Twitter-ის შეძენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომპანიის იდეების ღია ციფრულ პლატფორმად გადაქცევა იყო, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა ეთქვა ყველაფერი ის, რაც კანონის ფარგლებში ჯდებოდა.

"ვფიქრობ, აუცილებელია სიტყვის თავისუფლება და თავისუფლად კომუნიკაციის შესაძლებლობა". - თქვა მასკმა Twitter-ის თანამშრომელთა შეხვედრაზე. 

ბევრი რამ, რაც ლეგალურია, მაინც შეიძლება "სიძულვილის ენად" ჩაითვალოს, ამიტომ, მასკმა აღნიშნა, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სიტყვის თავისუფლება, მაგრამ არა "გავრცელების თავისუფლება". 

"ვფიქრობ, ხალხს უფლება აქვს, თქვას საკმაოდ აღმაშფოთებელი რაღაცები, რაც კანონის ფარგლებში ჯდება, თუმცა, შემდეგ თქმული არ უნდა გაძლიერდეს, არ უნდა მიწვდეს ათასობით ადამიანს". - აღნიშნა მასკმა. 

თუმცა, მასკმა არ განმარტა, როგორ გადაწყვეტს, რა სახის კონტენტი რა მასშტაბით გავრცელდება ან რითი იქნება ეს განსხვავებული იმისგან, რასაც ამჟამად Twitter-ი აკეთებს. 

Twitter-ი, სხვა სოციალური პლატფორმების მსგავსად, უკვე დიდი ხანია ებრძვის დამაზიანებელ შინაარსს და ბოლო წლებში გააფართოვა სიძულვილის ენის, შევიწროებისა და ძალადობრივი შინაარსის წინააღმდეგ პოლიტიკა. 

გაუქმდეს ბოტების ანგარიშები 

მასკმა პირობა დადო, რომ გამოასწორებს Twitter-ის ბოტების პრობლემას, რაც იმ ანგარიშების გავრცელების შეზღუდვას გულისხმობს, რომლებიც აქვეყნებენ სპამს ან არაავთენტურ კონტენტს, როგორიცაა კრიპტო სწრაფი გამდიდრების სქემები და სხვა თაღლითობები.

მასკმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერს აღადგენს, რომელიც 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ დაწერილი ტვიტების გამო გაუქმდა.

"ტრამპის ტვიტერზე აკრძალვამ მისი ხმა ვერ ჩაკლა. ამის ნაცვლად, იგი აღმოჩნდა მართალთა შორის და სწორედ ამიტომაა ეს [Twitter-ის ანგარიშის გაუქმება] მორალურად არასწორი და აბსოლუტური სისულელე". - თქვა მასკმა. 

ბოტები Twitter-ის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კომპანიის მტკიცებით, ანგარიშთა მხოლოდ 5%-ზე ნაკლებია ბოტი, თუმცა, მასკის თქმით, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია და დაახლოებით 20%-საც აჭარბებს. სწორედ ამ საბაბით ცდილობდა მასკი, გასულიყო იურიდიული გარიგებიდან და უარი ეთქვა კომპანიის შეძენაზე.

"გულწრფელად რომ ვთქვა, მთავარი პრიორიტეტად სპამების, თაღლითური ბოტებისა და მათი არმიების აღმოფხვრაა". - აღნიშნა მასკმა TED-ის კონფერენციაზე აპრილში. 

იქცეს Twitter-ი "სუპერაპად", რომელსაც X ერქმევა

მასკის განმარტებით, მას სურს Twitter-ის პოტენციის მაქსიმალური რეალიზება და მისი სუპერაპად ქცევა. ორიგინალური სუპერაპი ჩინეთის WeChat-ია, რომელსაც ადამიანები ყველაფრის გასაკეთებლად იყენებენ, გადასახადების გადახდიდან დაწყებული, წაღების შეკვეთითა და მეგობრებთან შეტყობინებების გაგზავნით დასრულებული.

ეს არის მასკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა და ყველაზე ახლოს რეალურ ბიზნეს სტრატეგიასთან. ამჟამად Twitter-ი შემოსავლის 90%-ს რეკლამის საშუალებით იღებს. მასკმა თქვა, რომ Twitter-ი ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული რეკლამაზე და გამოიმუშავოს მეტი ფული გამოწერებითა და სუპერაპლიკაციის ტრანზაქციებით.

კომენტარები