რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენება არ სურს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს? – ბაიდენი

REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სკეპტიკურად უყურებს მის შეფასებას. 

"თუ მას განზრახვა არ აქვს [გამოიყენოს ბირთვული იარაღი], რატომ აგრძელებს ამაზე ლაპარაკს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?". - თქვა ბაიდენმა.

გუშინ, 27 ოქტომბერს პუტინმა უარყო ბირთვული დაპირისპირება დასავლეთთან და ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ დამუქრებია უკრაინას, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. მისი განმარტებით, კრემლი მხოლოდ დასავლეთის ლიდერების "შანტაჟს" პასუხობდა.

ბოლო კვირებში პუტინმა და სხვა რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

21 სექტემბერს, როდესაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყველაზე დიდი საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან, ბაიდენის განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ომის გამო მნიშვნელოვან შიდა კრიზისს განიცდის და პუტინი "არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება".

კომენტარები