რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცის თქმით, უკრაინის აღდგენისთვის "ახალი მარშალის გეგმაზე" მუშაობა იწყება

AP Photo/Markus Schreiber)

ბერლინში ევროკავშრის ლიდერები ექსპერტებთან ერთად შეიკრიბნენ, რათა დაიწყოს მუშაობა უკრაინის აღდგენის გეგმაზე, რომელიც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სიტყვებით - "ახალი მარშალის გეგმაა".

შოლცმა და ფონ დერ ლაიენმა მოიწვიეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამისა და სხვა ორგანიზაციების ლიდერები.

მარშალის გეგმა აშშ-ს მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელმაც ხელი შეუწყო დასავლეთ ევროპის ეკონომიკის აღდგენას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, რომლის ქვეყანა ამჟამად შვიდი ინდუსტრიული ძალის ჯგუფს თავმჯდომარეობს, ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდა ერთდღიანი კონფერენციის შესახებ.

კიევის მხარდამჭერები კონფერენციაზე განიხილავენ, "როგორ უზრუნველყონ და შეინარჩუნონ უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის დაფინანსება წლების და ათწლეულების განმავლობაში" - თქვა შოლცმა, რომელმაც ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად უმასპინძლა შეხვედრას.

მისი თქმით, შეხვედრაზე არ განიხილება "21-ე საუკუნისთვის შესაფერისი ახალი მარშალის გეგმაზე ნაკლები". რაც შოლცის შეფასებით, თაობის ის "ამოცანაა, რომლის განხორციელებაც ახლა უნდა დაიწყოს".

ევროკომისიის პრეზიდენტის, ფონ დერ ლაიენის თქმით, მსოფლიო ბანკი უკრაინას 350 მილიარდი ევროთი დაეხმარება.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის ვალდებულება გააგრძელოს უკრაინის იარაღით, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, მიწოდება მანამ, სანამ ეს საჭიროა.

"საუკეთესო რეკონსტრუქცია არის ის რეკონსტრუქცია, რომლის საჭიროებაც საერთოდ არ დგება, რადგან უკრაინის ქალაქები და ელექტროსადგურები დაცული უნდა იყოს რუსული ბომბებისგან, თვითმფრინავებისა და რაკეტებისგან". - თქვა შოლცმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან ვიდეომიმართვისას შენიშნა, რომ უკრაინას აქვს 17 მილიარდი დოლარის ღირებულების "სწრაფი აღდგენის" გეგმა, რაც საავადმყოფოების, სკოლების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და სხვა შენობების შესაკეთებლად არის საჭირო.

კომენტარები