რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც ოკუპირებული ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, სადგურს 19-დან 3 რაკეტა მოხვდა.
მარიონეტული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ობიექტს კრიტიკული ზიანი არ მიადგა და სადგური მუშაობას განაგრძობს.
აქამდე, გასულ დღეებში უკრაინა და სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმას და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებს ჰიდროელექტროსადგური უკვე დანაღმული ჰქონდათ.
ომის კვლევის ინსტიტუტი 19 ოქტომბრის ანგარიშში წერდა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკან დახევის გადასაფარად, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს.
18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ ხერსონში მდინარე დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.