ირკუტსკის რეგიონის გუბერნატორის, იგორ კობზევის ცნობით, Су-30-ის ავიაგამანადგურებელი ორსართულიან სახლს დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ორივე მფრინავი. შეჯახების შედეგად გაჩენილი ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ სათავო ოფისში ამბობენ, რომ Су-30-ის ავიაგამანადგურებელი სატესტო ფრენის დროს ჩამოვარდა. უწყების ცნობით, თვითმფრინავი კრასილნიკოვის ქუჩაზე მდებარე ხის სახლს შეეჯახა.
სახლში, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, 5 ადამიანი ცხოვრობდა. შეჯახების დროს ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ. რეგიონალური ხელისუფლება ორ ოჯახს 100 000 რუბლს გადაუხდის.
მომხდარის შედეგად 150 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელობამ ავარიის ადგილზე ცენტრალური ოფისიდან გამომძიებლები გაგზავნა. სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.
აქამდე, 17 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ იეისკში ოკუპანტების ავიაგამანადგურებელი Су-34-ის კორპუსებთან ჩამოვარდნას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საავადმყოფოში 19-ია გადაყვანილი, მათგან 3 ბავშვია. დაშავებულთაგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე Су-34 სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ასრულებდა. მათივე ცნობით, შეჯახებამდე პილოტებმა თვითმფრინავის დატოვება მოახერხეს.
რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ პილოტების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენისას ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა.





