რუსეთი

რუსეთში, იეისკში Су-34-ის ჩამოვარდნას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – სამთავრობო მედია

რუსეთის ქალაქ იეისკში ოკუპანტების ავიაგამანადგურებელი Су-34-ის კორპუსებთან ჩამოვარდნას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საავადმყოფოში 19-ია გადაყვანილი, მათგან 3 ბავშვია. დაშავებულთაგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე Су-34 სასწავლო-სავარჯიშო ფრენას ასრულებდა. მათივე ცნობით, შეჯახებამდე პილოტებმა თვითმფრინავის დატოვება მოახერხეს. 

რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ პილოტების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენისას ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა.  

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, დაზიანდა კორპუსები. გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანებულ სახლებში 600 ადამიანი ცხოვრობდა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა კრემლმაც - განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რეგიონის ხელმძღვანელს, საგანგებო სიტუაციების მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს იეისკში გაფრენა და დაშავებულების დახმარება დაავალა.  

Су-34-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები