ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.
ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა "სამწუხარო" უწოდა ფაქტს, რომ ასეთი ჩანაწერი "კონკრეტული პირების ინიციატივით" ხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.
"ეს იყო შეფარული მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაეთანაბრებინათ იმ ადამიანებთან, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან თუნდაც რუსეთის ფედერაციაში, ან სხვა სახელმწიფოებში. ეს უშედეგო მცდელობაა, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის 2 გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში განიხილება". – თქვა ჩიქოვანმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომლითაც 13 ოქტომბერს ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა, ნათქვამია:
"ასამბლეა ასევე ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)".
"ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები ერთ-ერთი თანაავტორები იყვნენ ამ რეზოლუციის, ამიტომ ამ რეზოლუციას ექნებოდა საქართველოს მხარდაჭერა, რომ არა რამდენიმე წინადადების ეს ნაუცბადევი შეპარება პროცესის ბოლოს. ეს არის ერთგვარი პარტიული ინტერესის გატარება ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში". – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ქართულ ოცნებას შეძელო მხარი დაეჭირა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარების სრული რეზოლუციისთვის, ამასთან ერთად კი მხარი არ დაეჭირა იმ ჩანაწერისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენებს. ამის მაგალითად პარტია მოქალაქეების წევრის, ლევან იოსელიანის გადაწყვეტილება მოჰყავთ.
"გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას, ბევრი ხმაური მოყვა. ამ რეზოლუციას, ცხადია, მე მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული". – დაწერა იოსელიანმა.
13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 99 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. რეზოლუციის სახელწოდებაა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია". დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.