თურქეთი

თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, დეზინფორმაციის გავრცელება პატიმრობით დაისჯება

Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარმოდგენილ კანონს, რომლის მიხედვით ჟურნალისტებსა და სოციალური მედიის მომხმარებლებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობა ემუქრებათ. 

აღნიშნულ კანონს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც შედგება ერდოღანის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიისგან.

იმის გამო, რომ ეს კანონი არღვევს სიტყვის თავისუფლების პრინციპს, მას ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული სახელმწიფოები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ღიად ეწინააღმდეგებოდნენ.

ვენეციის კომისიის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილმა კანონპროექტმა  მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყანაში ჟურნალისტები შესაძლოა, კიდევ უფრო დააზარალოს.

ვენეციის კომისიამ ასევე მოუწოდა თურქეთის პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ინიციატივას.

"თქვენ ერთადერთი თავისუფლება დაგრჩათ, ტელეფონი თქვენს ჯიბეში, რომლებსაც აქვთ Instagram, Facebook, Youtube და რომლითაც კომუნიკაცია შეგიძლიათ. თუ პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, თქვენ შეგიძლიათ, დაამტვრიოთ თქვენი ტელეფონები და გადაყაროთ ისინი. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მათი გამოყენება, თუმცა 2023 წლის ივნისის არჩევნებზე ჩემი ახალგაზრდა დები და ძმები მთავრობას გაკვეთილს ასწავლიან". - თქვა ოზოციონერმა.

კომენტარები