რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრამპი: თეთრმა სახლმა, თავისი სულელური რიტორიკით, პუტინს უკრაინაში შეჭრა თითქმის აიძულა

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
PBS

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მ, თავისი პოლიტიკით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრა "თითქმის აიძულა". 

"რეალურად, ისინი დასცინოდნენ მას, თუ ამ ყველაფერს ყურადღებით დააკვირდებით. ჩვენმა ქვეყანამ და ე.წ ხელმძღვანელობამ პუტინს დასცინა. მათი სულელური რიტორიკის ფონზე ვიტყოდი, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა თითქმის აიძულეს". - თქვა ტრამპმა Real America's Voice-თან ინტერვიუში. 

ინტერვიუში ტრაპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დაიწყებოდა. 

"რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი ეყვარებოდათ, მაგრამ პუტინი უკრაინაში არავითარ შემთხვევაში არ შეიჭრებოდა". - თქვა ტრამპმა. 

აქამდე, 22 თებერვალს, როდესაც ტრამპი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, მან ვლადიმირ პუტინთან საქმიან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, იგი პუტინს ძალიან იცნობდა და სწორი მიდგომების შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაციის დეესკალაციას შეძლებდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ იგი პუტინს "მშვენივრად ეწყობოდა". 

"პუტინს ძალიან კარგად ვიცნობდი, მას მშვენივრად შევეწყვე. ვფიქრობ, მოვწონდი და მეც მომწონდა. ის ქარიზმატული და ამაყი კაცია და მას თავისი ქვეყანა უყვარს". - ამბობს ტრამპი. 
 

კომენტარები