თბილისის მერია

კალაძე: ვარკეთილისა და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურებში ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება

ვარკეთილისა და გლდანის მეტროების ჩასასვლელ-ამოსასვლელი პრობლემური საკითხია, რომელიც ვერ ატარებს მგზავრთა იმ ნაკადს, რომელიც, განსაკუთრებით, პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. განსაზღვრულია პრობლემები, თუ რა იწვევს ამ ყველაფერს და რა უნდა გაკეთდეს, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ასევე გრძელვადიანში. მოკლევადიან პერსპეტივაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, პრობლემა არის ე.წ. ტურნიკეტები, რომლებიც პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს ვერ ატარებენ. აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და მისი განხორციელება. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება.

თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ეს არის ე.წ. ტურნიკეტების, თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტის პროექტის განხორციელება, ახალი ტურნიკეტების დამონტაჟება. ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში 7 გასასვლელი გვაქვს. ხოლო ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ 30%-ით მეტი მგზავრი გავატაროთ. თუ დღეის მდგომარეობით თითოეულ სადგურს საათში 6 300 მგზავრის გატარება შეუძლია, ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 8 100 მგზავრზე მეტის გატარება. ამ პროექტის განხორციელებას დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება. მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ ამ პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ.

თქვა დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები