რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

სალივანი: აშშ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარას სერიოზულად აფასებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარებს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე სერიოზულად აფასებს. თუმცა, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. 

სალივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ამ "ბნელ გზას აირჩევს", აშშ-ს სათანადო პასუხი ექნება. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული შანტაჟის რიტორიკა განაგრძო. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენთან CBS-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენების გახშირებულ მუქარებზე ისაუბრა. 

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

კომენტარები