გენოციდის აღიარების კამპანია

ჩიტიძე: აფხაზეთში ქართველთა გენოციდი მოხდა, მთლიანად ამოსატრიალებელია პარადიგმა

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 30 წლის წინ რუსეთმა და რუსეთის მიერ მართულმა სეპარატისტულმა რეჟიმმა მოაწყო, სულ მცირე, ქართველთა ეთნიკური წმენდა. ჩემი და არამხოლოდ ჩემი აზრით კი, ეს ქმედებები იყო გენოციდი, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 000 დევნილად აქცია.

რატომ მიმაჩნია რომ ეს ყველაფერი გენოციდი იყო? საკუთარ არგუმენტებს 29 სექტემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში გასამართ ღონისძიებაზე ვიტყვი.

ამავდროულად, დღეს ბევრი საუბრობს შესაძლებლობაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა შექმნა დეოკუპაციის მიმართულებით. რეალურად 30 წელია, გვესმის, რომ რუსეთის დასუსტების გარეშე დეოკუპაცია შეუძლებელია. ფაქტია, რუსეთი განუზომლად სუსტდება და კიდევ უფრო დასუსტდება. ესე იგი, ეს მომენტი დგება (თუ უკვე არ დამდგარა).

რას ვაკეთებთ ჩვენ? ბუნებაში დეოკუპაციის 2 შესაძლებლობაა: ა) ძალისმიერი; ბ) მოლაპარაკებით.

მგონია, რომ მოლაპარაკების გზა უალტერნატივოა, მაგრამ სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მოლაპარაკება როგორ, რა პირობებით, ვისი ჩართულობით?

ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, უკიდურესად დასუსტებულ რუსეთთანაც არ უნდა დავსხდეთ ერთ მაგიდაზე. ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტია მოლაპარაკების რეჟიმის დაცულობა, უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამხედრო კომპონენტით (სასურველია, ნატოს ჯარების ჩადგომით ოკუპირებულ ტერიტორიაზე). ასევე, მოლაპარაკების დაწყება შემდეგი პირობებით:

1. უკლებლივ ყველა დევნილის სახლში დაბრუნება, საკუთრებითი რეპარაცია და ზიანის ანაზღაურება რუსეთის მხრიდან;

2. ქართველთა გენოციდის აღიარება;

3. ბოლო 30 წლის განმავლობაში გალის რაიონში მყოფ ეთნიკურ ქართველთა მიმართ გატარებული აპარტეიდული რეჟიმის შეფასება, როცა ადამიანები უუფლებოებად აქციეს და ღირსება აჰყარა სწორედ სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსეთის ფერედაციამ.

ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება ლაპარაკი ტერიტორიულ მოწყობასა და სხვა საკითხებზე.

სამწუხაროა, რომ მხოლოდ ევროპული საქართველო და რამდენიმე ორგანიზაცია აქცევს ამ თემას ყურადღებას. ამაზე ეროვნული საკითხი რა უნდა იყოს აქ და ახლა, ვერ ვხვდები.

მთლიანად ამოსატრიალებელია პარადიგმა, მათ შორის აკადემიურ სივრცეში. 

წერს კონსტიტუციონალისტი, გიორგი ჩიტიძე ტაბულას, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, აფხაზთა კრებისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების კამპანიაზე, ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომლის მიზანიცაა, რომ აფხაზეთის ომში რუსული შენაერთების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად შეფასდეს. 

კომენტარები