იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

იმოქმედე გენოციდის აღიარების კამპანიის ფარგლებში მხატვარ თამარ აბუაშვილის გამოფენა გაიმართა

ევროპული საქართველოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი კამპანიის: იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის ფარგლებში, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, პარლამენტთან მხატვარ თამარ აბუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის აგრესიის თემატიკაზე შექმნილი ნახატები წარმოადგენს აბსტრაქტულ ექსპრეციონიზმსა და კონცეპტუალურ ხელოვნებას. გამოფენაზე ნახატების გაყიდვით შემოსული სრული თანხა უკრაინული ჯარის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.

მხატვარმა თამარ აბუაშვილმა ტაბულასთან საკუთარ ნამუშევრებსა და ამ გამოფენის მიზანზე ისაუბრა.

"სოხუმის დაცემის დღეს, ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის დახმარებით, პარლამენტის წინ ამ ექსპოზიციის გამოფენა მოვახერხე. რატომღაც, ახლა რუსეთზე დაიწყეს, რომ მხოლოდ პუტინია ასეთი და არა ქვეყანა. ამ ნახატებით კი მინდოდა მეჩვენებინა, რომ რუსეთის აგრესია მეზობელი ქვეყნებისა და საკუთარი ხალხის მიმართ ყოველთვის იყო და ახლაც გრძელდება. ეს საუკუნეების განმავლობაში ასეა და იმედი მაქვს, რომ დამარცხების მერე ასე აღარ იქნება. აქ წარმოდგენილია ნამუშევრები როგორც აფხაზეთის თემატიკაზე, აგრეთვე უკრაინაზე, მცოცავ ოკუპაციაზე, სირიის თემაზე, ჰოლოდომორზე, ბერლინის კედელზე. ბევრი თემაა, სადაც რუსული აგრესია და რუსული იმპერიალისტური ცივსისხლიანობა ჩანს". - თქვა აბუაშვილმა.

გამოფენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ტაბულას დამფუნებელმა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

"მხატვარი თამარ აბუაშვილი ჩემთვის საქართველოში ამ სიმბოლურ მდგომარეობას განასახიერებს, როდესაც ნიჭიერი ადამიანები აქ უკვე იმედს კარგავენ, პერსპექტივაში სინათლეს ვეღარ ხედავენ და ქვეყნიდან მიდიან. თამარიც ტოვებს საქართველოს და აშშ-ში მიდის. ოღონდ, ამავდროულად, მას არ უნდა, ისე წავიდეს, რომ კვალი არ დატოვოს. ერთი მხრივ, მისი პროფესიული განვითარება აინტერესებს, მაგრამ მეორე მხრივ ხვდება, რომ საქართველოს ბედი უკრაინის გამარჯვებაზე გადის. ამიტომ უნდა, რომ ეს ნამუშევრები რუსულ ოკუპაციაზე გაყიდოს და თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხოს. ჩვენ, ტაბულა მას ამაში ვეხმარებით". - ამბობს ჩერგოლეიშვილი.


27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ - https://bit.ly/3QUY9tJ

კომენტარები