მობილიზაცია რუსეთში

რუსეთში, ირკუტსკში მობილიზაციაზე გაწვეულმა კაცმა სამხედრო კომისარი დაჭრა

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სამხედრო კომისარიატში ცეცხლი გახსნა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-ილიმსკში მობილიზაციაზე გამოწვეულმა ახალგაზრდა კაცმა სამხედრო კომისარიატში ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი მძიმედ დაჭრა

თავდაპირველად ინფორმაცია და ვიდეოკადრები ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. შემდეგში ცნობა დაადასტურა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით 12:20-ზე მოხდა. მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, დააკავეს. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სამხედრო კომისარს, რომელსაც გულ-მკერდის არეში ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, ოპერაციას უტარებენ. მის გარდა არავინ დაშავებულა. 

ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა სროლის მომენტის კადრები. ასევე მამაკაცის დაკავების შემდგომი კადრებიც. კაცი, რომელმაც თავდასხმა მოაწყო, ადგილობრივი რუსლან ზინინია. ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ თვითმხილველებთა ცნობით, ცეცხლის გახსნამდე ზინინინმა თქვა: "ახლა ყველა სახლში წავალთ".

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

 

კომენტარები